
საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი არ პასუხობს კითხვას, იყო თუ არა ფორმალურ ან არაფორმალურ გარემოში პოლონეთში პრემიერის ვიზიტისას საუბარი საქართველოს მესამე პრეზიდენტზე. მან ზოგადად აღნიშნა, თუ რას შეეხებოდა ვიზიტი და მიხეილ სააკაშვილზე კითხვის შემდეგ ბრიფინგი დატოვა.
კითხვას, იყო თუ არა სანქციებთან დაკავშირებით საუბარი და მოთხოვნა ევროპელი კოლეგებისგან, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულს ზომებს საქართველოც შეუერთდეს, მან უპასუხა:
"ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან ძალიან ინტენსიურად ვსაუბრობთ, მათ იციან საქართველოს პოზიცია და მიდგომები ამ საკითხთან დაკავშირებით, შესაბამისად, ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, კითხვები არ არსებობს.
საქართველოს პრემიერს ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი ვიზიტი ჰქონდა პოლონეთის დედაქალაქში, ჩვენ იქ კონკრეტული მიზნით ვიყავით ჩასული, რაც გულისხმობდა ჰუმანიტარულ დახმარებას და შესაბამისი რესურსების მობილიზებას უკრაინის დასახმარებლად და ამ მიმართულებით ძალიან შედეგიანი, ძალიან კონკრეტული ვიზიტი ჰქონდა საქართველოს პრემიერს და სწორედ ამ საკითხებზე იყო კონცენტრირებული მთლიანი ვიზიტი", - თქვა ილია დარჩიაშვილმა.
ცნობისთვის, პოლონეთში ვიზიტით პრემიერი და სამთავრობო გუნდი გუშინ იმყოფებოდა.