პოლიტიკური საქმის გარჩევა ოპოზიციის რიგებში გრძელდება - ალეკო ელისაშვილს "ევროპული საქართველო" პოლიტიკურ ვაჭრობაში ადანაშაულებს, თავის მხრივ პარტია "მოქალაქეეების" დამფუძნებელი კი გიგა ბოკერიას ქართული პოლიტიკის შაქრო კალაშოვად მოიხსენიებს. მაჟორიტარულ ოლქებზე დაწყებული ოპოზიციური კინკლაობით კი მოგებული მხოლოდ "ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი რჩება.
პოლიტიკის შაქრო კალაშოვი, სტამბოლის მონათა ბაზრის დირექტორი, მექრთამე და ცეხავიკი - ეს არის ის ტერმინოლოგია და ეპითეტები რითიც ოპოზიციის ნაწილში ერთმანეთს ბოლო დღეების განმავლობაში მოიხსენიებენ.
ბოკერიამ გადაწყვიტა, რომ ის არის ქურდი პოლიტიკის და რომ ის არის შაქრო მალადოი, შაქრო კალაშოვი. უნდა რაღაცები დაალაგოს და ყველას თავისი ადგილი მიუჩინოს. მე ის ნამდვილი შაქრო კალაშოვებიც გულზე არ მეხატება და არც პოლიტიკის ახლადგამოჩეკილი შაქრო კალაშოვები არ მეხატება გულზე. უშნოდ რომ არიან ატეხილები და მეშაირებიან და ცხვირს მიზომავენ, და რაღაცა სისულელეებს და ტყუილებს ყვებიან, თითქოს მე ვეხვეწებოდი.. ვინ არის ბოკერია.. რატომ უნდა ვეხვეწო მე სადმე დავდგები თუ არ დავდგები. სტამბოლის მონათა ბაზის დირექტორი ჰგონია თავი თუ მფლობელი.. თუ რა ჰგონია საერთოდ, - ამბობს ელისაშვილი.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია კი ამბობს, რომ ელისაშვილი ოპოზიციის კოორდინაციის იდეას უბინძურესი ბრალდებებით და ლექსიკონით დაუპირისპირდა.
ის დაუპირისპირდა იდეას კოორდინირების, უბინძურესი ბრალდებებით და უბინძურესი ლექსიკონით. ვაჭრობა მაშინ, როდესაც იქამდე მოლაპარაკებებში იყო ჩემთან და დავით ბაქრაძესთან. ითხოვდა ორ ადგილს და ითხოვდა, რომ იოსელიანი უნდა დაეყენებინა ყველა ოპოზიციურ პარტის მთაწმინდაზე. რომ ვკითხეთ, რომ იოსელიანმა ხუთჯერ ნაკლები ხმა აიღო ვიდრე შავგულიძემ, ამაზე პასუხი ვერ მივიღეთ. მერე გამოვიდა და თქვა, რომ ვაჭრობაში მონაწილეობას არ მივიღებო. თუ ამას ვაჭრობას ეძახის, გვევაჭრებოდა ანუ ის. უწესობა და უსინდისობა ცუდი საქციელია. და მერე კამპანიის დაწყება თვითონ ამ იდეის წინააღმდეგ რომელსაც კოორდინაცია ჰქვია, ეს არის ივანიშვილის დახმარება, - ამბობს ბოკერია.
"ნაციონალურ მოძრაობაში" კი აცხადებენ, რომ ეს ყველაფერი ივანიშვილის პროპაგანდას აძლიერებს.
ასეთი სახის კინკლაობა და მძიმე შეფასებები ერთმანეთის მიმართ, პირველი, აძლიერებს ივანიშვილის პროპაგანდას და მეორე, თესავს ნიჰილიზმს ადამიანებში არჩევნების და ზოგადად, ოპოზიციური სპექტრის მიმართ, - ამბობს ხატია დეკანოიძე.
ის რომ ოპოზიციაში დაპირისპირება აწყობს ბიძინა ივანიშვილს, ადასტურებენ "ქართულ ოცნებაში". პარლამენტის გადაყენებულმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ძალიან კარგია ის, რაც დღეს ხდება ოპოზიციაში და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ოპოზიციური ერთობა არამყარია.