
საქართველოს მთავრობის ცნობით, ევროკომისიის კითხვარის მეორე შევსებული ნაწილი, რომელიც სექტორულ მიმართულებებს მოიცავდა, ევროპულ მხარეს სამშაბათს, 10 მაისს გადაეცემა.
"როგორც ცნობილია, ევროკომისიის კითხვარის მეორე, სექტორული ნაწილი 33 თავს აერთიანებს და მოიცავს 2300-მდე კითხვას ყველა სექტორული მიმართულებით და მისი მიწოდების თარიღად ევროკავშირის მიერ 13 მაისი იყო განსაზღვრული, თუმცა საქართველომ კითხვარი დათქმულ ვადამდე შეავსო", - წერია მთავრობის განცხადებაში.
კითხვარის პირველი შევსებული ნაწილი ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს 2 მაისს გადასცა.
მთავრობის ცნობით, სრულად შევსებული კითხვარის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია დაიწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.
ცნობისთვის, უკრაინამ და მოლდოვამ კითხვარის სრულად შევსება საქართველოზე გაცილებით ადრე დაასრულეს.