"ოცნების" შტურმი ოპოზიციას - რვა მარტის შეთანხმება ამ დრომდე არ შესრულებულა

გამოქვეყნდა:

გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი მმართველი გუნდი ისევ იერიშზე გადავიდა. "ქართული ოცნების" ლიდრები ერთმანეთის მიყოლებით დღეს ოპოზიციას ესხმოდნენ თავს. შტურმი პარლამენტის თავმჯდომარემ დაიწყო და ყოფილმა სპიკერმა გააგრძელა. საერთო გზავნილით სახელისუფლებო გუნდის ელიტა პოლიტიკურ ოპონენტებს რვა მარტის შეთანხმების შეუსრულებლობაში ადანაშაულებდა, თუმცა "ოცნებას" დღეს თავისივე შეუსრულებელი ვალდებულებები არც კი გახსენებია. უმრავლესობა ისევ ირწმუნება, რომ პოლიტპატიმარ გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხი დღის წესრიგში არასოდეს მდგარა. 

ოპოზიციაზე იერიში დღეს მმართველი პარტიიდან ბოლო პერიოდის გამორჩეული ეპითეტების ავტორმა მიიტანა. ირაკლი კობახიძემ ოპონენტები საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების ღია მცდელობაში დაადანაშაულა. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ რვა მარტის შეთანხმების ნაწილი პოლიტპატიმრების გამოშვება არ ყოფილა. მეტიც ისინი ვინც უკვე გამოუშვეს, კრიმინალია და მათი ადგილი პოლიტიკაში არ არის. 

პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარემდე ოპოზიციას დღეს ბიუროს სხდომიდან მოქმედმა თავმჯდომარემ შეუტია. არჩილ თალაკვაძემ ოპონენტებს "ნაციონალური მოძრაობიდან" და "ევროპული საქართველოდან" უპასისმგებლობაში დასდო ბრალი, რომ თავიანთ ვალდებულებას არ ასრულებენ. თუმცა, არჩილ თალკვაძეს არ გახსნებია მმართველი პარტიის მიერ რვა მარტის შეთანხმებით აღებული ვალდებულება, რომ "ოცნებას" პოლიტპატიმრები ციხიდან უნდა გამოეშვა. 

ამ განცხადების შემდეგ ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ არჩილ თალაკვაძეს და მმართველი პარტიის სხვა ლიდერებსაც ნათქვამიდან ან წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა უჭირთ. ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ "ოცნებას" საკონტიტუციო ცვლილებების მიღება არ უნდა, მაგრამ იძულებულია მხარი დაუჭიროს. უმრავლეობის მიმართ კი ოპოზიციის პასუხი ისევ იგივე იყო, როგორვ კი პოლიტპატიმარი გიორგი რურუა საპატიმროს დატოვებს, "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული  საქართველოს" 28 დეპუტატის მხარდაჭერა ცვლილებებს ექნება. 

ხელის გაშვერა ოპონენტებისკენ გაუგებარია უმრავლესობიდან დემარშით წასულებისთვის. ეკა ბესელია ამბობს, რომ სწორედ "ოცნების" არასწორი პოლიტიკის შედეგია ის, რომ სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკოსების ლექსიკაში და დოკუმენტებში საქართველოსთან მიმართებით პირველად გაჩნდა ტერმინი პოლიტპატიმარი. ყოფილი თანაგუნდელები "ოცნებას" მოუწოდებენ პოლიტიკური სპეკულაციების ნაცვლად, რვა მარტის შეთანხმება სრულად შეასრულონ. 

საკონსტიტუციო ცვლილებების ბოლო, მესამე მოსმენით კენჭისყრა ორშაბათს 29 მარტს უნდა გაიმართოს. "ოცნება" ირწმუნება, რომ ოპოზიციის ხმები არ სჭირდებათ და ქვეყნის მთავარ კანონში ცვლილებებს ყოფილი თანაგუნდელების ხმებით გაიტანენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი