ქართული პოლიტიკის ქურდები, სტამბოლის მონათა ბაზრის დირექტორები - პოლიტიკური საქმის გარჩევა ჩაშლილი "ვაჭრობის" შემდეგ. ალეკო ელისაშვილი და გიგა ბოკერია ოპოზიციაში ახალი კონფლიქტის პიკს უახლოვდებიან. პოლიტიკური საქმის გარჩევის მთავარი მიზეზი, სავარაუდოდ, თბილისში ღიად დარჩენილი ორი მაჟორიტარული ოლქია. ოპოზიციის რიგებში ურთიერთბრალდებები მას შემდეგ გამწვავდა ალეკო ელისაშვილმა დახურულ კარს მიღმა მიმდინარე მოლაპარაკებები საჯარო გახადა, რასაც ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანდიდატების კრიტიკაც მოჰყვა.
პოლიტიკის შაქრო კალაშოვი ალეკო ელისაშვილისთვის მისივე ოპოზიციონერი კოლეგაა - "ევროპული საქართველოდან". ამბობს, რომ გიგა ბოკერია ოპოზიციურ მოლაპარაკებებზე ქურდად იჯდა და თბილისში მაჟორიტარების გადანაწილებისას სტამბოლის მონათა ბაზრის დირექტორივით ვაჭრობა ჰქონდა გაჩაღებული.
პოლიტიკური საქმის გარჩევა ოპოზიციურ ფლანგზე ოთხი დღეა კრიტიკულ ზღვარზეა. ელისაშვილი უგულავასა და ბოკერიას ცეხავიკებად და მექრთამეებად მოიხსენიებს, საპასუხოდ კი "ევროპული საქართველოს" ლიდერები ალეკოს საკუთარი ცხვირის მიღმა გახედვას ურჩევენ და შეუმდგარი პოლიტიკური ვაჭრობისა და შიდა მოლაპარაკებების სახალხოდ გამოტანის გამო უსინდისოს უწოდებენ. ოპოზიციონერ ლიდერებს შორის დაპირისპირება კი, როგორც ჩანს, მთაწმინდის და საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატებზე შეუთანხმებლობას მოჰყვა.
ერთადერთი, ვისაც ოპოზიციის ერთიანობაში ბზარის შეტანა ახარებს, ბიძინა ივანიშვილია - "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" ფიქრობენ, რომ ოპოზიციაში ასეთი ურთიერთბრალდებები "ქართული ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს და მხოლოდ მმართველი გუნდის ინტერესებს ემსახურება. ის, რომ ოლიგარქი ოპოზიციური კინკლაობით ხარობს, დღეს დაადასტურა ირაკლი კობახიძემაც.
ურთიერთბრალდებები განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც ელისაშვილმა "მთავარი არხის" ეთერში თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში ერთიანი ოპოზიციის კანდიდატების ნაწილს პოლიტიკური რეიტინგი დაუწუნა. მაგალითად, მისთვის ნიკა მელია მებრძოლი კანდიდატია, რომელიც გლდანის ოლქს თავით გაანგრევს და მოიგებს, დაწუნებულებს შორის კი შალვა შავგულიძე აღმოჩნდა, რომელიც მთაწმინდის ოლქში ოპოზიციის სახელით იყრის კენჭს. ელისაშვილის წარმოდგენით, ბევრად უფრო ეფექტური კანდიდატი ამ ოლქში მისივე პარტიის წევრი ლევან იოსელიანი იქნებოდა.
პოლიტიკური იწილო-ბიწილო ოპოზიციაში ჯერ არ დასრულებულა. პასუხი, პასუხის პასუხი და ასე დაუსრულებლად ლიდერებს შორის ისევ აქტიურად ისმის. ჯერ კვლავ ღიად რჩება ვინ იქნება ოპოზიციის საერთო კანდიდატი საბურთალოს და დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში თუმცა, ეს რომ ალეკო ელისაშვილი არ იქნება, ალბათ რთული მისახვედრი არაა. ახლადდაარსებული პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი 2020 წლის არჩევნებზე ბრძოლად დამოუკიდებლად აპირებს და როგორც თავად ამბობს, პოლიტიკის ამოყირავებას გეგმავს.