ერთჯერადი შპრიცები, ბოთლები, ნაგვით სავსე ყუთები და პოლიეთილენის პარკები - ასე გამოიყურება 80-მილიონიანი პროექტი თბილისის შუაგულში, პრეზიდენტის სასახლის მიმდებარედ. ორბელიანის მოედნის მიწისქვეშა ავტოსადგომი, სადაც ახლა წესით კეთილმოწყობილი საპარკინგე სივრცე უნდა იყოს, დიდ ნაგავსაყრელს უფრო ჰგავს. რატომ არ შეასრულა ბიძინა ივანიშვილის ფავორიტმა კომპანიამ ვალდებულებები იმის მიუხედავად, რომ ბიუჯეტიდან მილიონები მიიღო - პასუხი არ არსებობს.
თბილისის მერმა, რომელმაც ერთი წლის წინ თავად გახსნა რეაბილიტირებული ორბელიანის მოედანი, დღეს ფოტოებზე პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ვეღარ იცნო და ეს გასაკვირიოც არ არის. ის ახლა მოედნის ქვემოთ ხდება და ცხრა მილიონად ღირებულ საპარკინგე სივრცესთან საერთო არაფერი აქვს.
"ანაგი ჯგუფი" ივანიშვილის დაკვეთებს საუკეთესოდ ასრულებს. მნიშვნელოვან პროექტებსა და ოლიგარქისთვის ხეების უსაფრთხოდ გადატანას სწორედ ეს კომპანია უზრუნველყოფს. "ანაგი ჯგუფის" სახელზეა ისეთი მასშტაბური პროექტებიც, როგორიცაა პანორამა თბილისი, გუდიაშვილის მოედანი, დედაქალაქში არსებული ყველა მსხვილი სავაჭრო ცენტრის მშენებლობა. ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციაც ისე ჩააბარეს, რომ ტენდერი საერთოდ არ ჩატარებულა.
მიწისქვეშა ავტოსადგომი, რომელიც მთლიანობაში 170 ავტომობილზეა გათვლილი, თუმცა როგორც ჩანს ავტომობილებზე ხშირად ამ ადგილს, თავს ნარკოდამოკიდებული და სასმლის მოყვარული ადამიანები აფარებენ. სავენტილაციო სისტემა ფაქტობრივად არ არსებობს. საკმარისია რამდენიმე წუთი გაჩერდეთ, რომ რომელიმე აბლაბუდაში გაეხვიოთ, უჰაერობისა და ნაგვის სუნისგან კი საბოლოოდ სუნთქვა შეგეკვრათ.
ხელისუფლების მაღალჩინოსნებს პოლიტიკური ამნეზია ერთმანეთის მიყოლებით რომ ემართებათ, ეს დღესაც დადასტურდა. ამჯერად დედაქალაქის მერს არ ახსოვს, როგორ გამოიყურებოდა ორბელიანის მოედნის მიწისქვეშა ავტოსადგომი, რომელიც მან 2019 წლის ივნისში გახსნა. როგორც ჩანს, კახი კალაძე ჩვენგან განსხვავებით, არც უფასო პარკინგით სარგებლობს და არც შესრულებული სამუშაოების შედეგით ინტერესდება.
"ანაგი ჯგუფის" ხელმძღვანელი, როგორც ყოველთვის, "მთავარ არხს" ოფისში არ დახვდა. ირაკლი გოგოლიშვილი არც ჩვენს ზარებს პასუხობს და არც გამოტოვებული შეტყობინებით ინტერესდება, სამაგიეროდ, დღეს კომპანიაში გვიმტკიცებდნენ, რომ ეს პროექტი "ანაგი ჯგუფს" არ ეკუთვნის.
რაში იხარჯება ადამიანების ფული და მილიონები, რომელიც ყოველთვის ფავორიტ კომპანიებს ერთ პირთან მოლაპარაკების გზით გადაეცამათ ხოლმე, უცნობია.