ბათუმში, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის დარბევასთან დაკავშირებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს.
პარტიის პოლიტსაბჭოს წევრის, მირდატ ქამადაძის შეფასებით, გუშინდელმა დღემ აჩვენა, რომ საქართველოში დემოკრატია აღარ არსებობს და დიქტატურა საბოლოოდ დამყარდა.
"დაკავებულია 22 ადამიანი. მათ შორის ბათუმის საკრებულოს თითქმის ყველა დეპუტატი, უმაღლესი საბჭოს 3 დეპუტატი. გუშინ პოლიციამ პირდაპირ მიიღო დავალება, რომ ეს პროტესტი, რომელიც მიმდინარეობდა ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის და სიცოცხლის შენარჩუნების მოთხოვნის მიზნით, არ ყოფილიყო განგრძობადი, გადამდები და სწორედ ამიტომ, ქართული პოლიცია შეეცადა ჩაეხშო ეს პროტესტი და დაარბია მშვიდობიანი მომიტინგეები. უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყანაში ნებისმიერი ხასიათის საუბარი ქართული ოცნების მხრიდან რაიმე დემოკრატიაზე, არის მტკნარი სიცრუეა.
მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, საელჩოებს, სახალხო დამცველის აპარატს, გუშინდელმა ფაქტმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატია აღარ არსებობს, რომ ამ ქვეყანაში დიქტატურა საბოლოოდ დამყარდა, რომ გამოხატვის და აზრის თავისუფლება ამ ქვეყანაში აღარ არსებობს და მშვიდობიანი შეკრების და მანიფესტაციის უფლებებიც ჩამოერთვა ხალხს. შესაბამისად, ჩვენ ან ამას ვეგუებით ან ვაგრძელებთ ბრძოლას. მიმაჩნია, რომ ასეთ მონობაზე შეგუება შეუძლებელია, ეს ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ", - თქვა მირდატ ქამადაძემ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლბას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ წუხელ დაკავებული 22 ადამიანი. ამასთან, პარტიაში ამბობენ, რომ სამომავლო გეგმებს საზოგადოებას მოგვიანებით გააცნობენ.
"ჩვენ გუშინ ვნახეთ, თუ რა რეჟიმთან გვაქვს საქმე, გუშინ ვნახეთ არა პოლიციელები, არამედ რუსული მილიციელები, საბჭოთა მილიციელები, როლებიც არბევდნენ, სცემდნენ არა მარტო კაცებს, არამედ ქალბატონებს, რომლებიც თმებით ათრიეს და გადაიყვანეს საპატიმროში. 22 ადამიანი დააკავეს. აუცილებლად ამისთვის ნორმალურ სახელმწიფოში, როცა დემოკრატიული სახელმწიფო იქნება და ეს ძალიან მალე იქნება დამერწმუნეთ, ამაზე პასუხის გაცემა აუცილებლად მოგიწევთ. ახლა მოგიწოდებთ, რომ ის 22 ადამიანი, რომელიც გუშინ ტყვეობაში აიყვანეთ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოთ.
რაც შეეხება ჩვენს გეგმებს, მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია, ჩვენ არ გავჩერდებით. მიუხედევად იმისა, რომ რეჟიმთან გვაქვს საქმე, რა თქმა უნდა მოგვიწია რაღაც ცვლილებების შეტანა იმ დაგეგმილ საპროტესტო აქციებში, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს აქციები გაჩერდება. რა ნაბიჯებით, როგორ ამ ყველაფერს უახლოეს საათებში გეტყვით, მაგრამ მინდა იცოდეთ, ეს იქნება ბოლომდე პრინციპული, მიმწოლი და აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე, სანამ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე იქნება საფრთხეში. ეს ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება. სახლში შესვლას ნამდვილად არ ვაპირებთ, სანამ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია", - თქვა აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარემ, ელგუჯა ბაგრატიონმა.
ასევე იხილეთ:
ბათუმში პოლიციამ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია დაშალა | დაკავებულია 22 ადამიანი