
9 მაისამდე ორი დღე რჩება, ამიტომ წითელ მოედანზე კრემლის დიქტატორი ე.წ. უძლეველი რუსული არმიის ნარჩენ ტექნიკას ჩამოატარებს...სანამ კრემლში მორიგი აღლუმისთვის დიდი სამზადისია, დასავლეთში პუტინის გეგმების გაშიფვრას ცდილობენ. რას მოიმოქმედებს პუტინი ამჯერად და გამოაცხადებს თუ არა ფართომასშტაბიან საომარ მდგომარეობას? მსჯელობა ამის შესახებ ჯერ კიდევ 2 კვირის წინ დაიწყო. "როიტერსმა" წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ პუტინის ე.წ. " განკითხვის დღისთვის" ემზადება. გავრცელებული ინფორმაციით, ნაციზმზე გამარჯვების 77 წლის თავზე, რაშიზმის სულისჩამდგმელი ბირთვული ომის საფრთხეს შექმნის.
თუ მოსკოვი გამარჯვების დღეს გამოიყენებს ომის გამოცხადებისთვის, ეს პუტინს მისცემს საშუალებას რეზერვისტების მობილიზაციის.
ბირთვული ომის შესაძლო საფრთხეებზე ექსპერტებისთვის მიუთითებს ის ფაქტიც, რომ წელს წითელ მოედანს პირველად გადაუფრენს თვითმფრინავი ილ -80. სპეციალურად გადაკეთებულ საჰაერო ხომალდს " მფრინავ კრემლს" უწოდებენ. ეს არის პუტინის ბუნკერი ჰაერში, რომელიც ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, უსაფრთხოების გარანტიაა. ილ-80-ს არ აქვს ილუმინატორები, ის არ ატარებს რადიაციას და შეუძლია დიდ ხანს იყოს ჰაერში. სწორედ ამ ხომალდიდან შეუძლია მმართველს საომარი მოქმედებების კონტროლი - რის გამოც მიენიჭა მას "მფრინავი კრემლის" სახელწოდება.
ხომალდი გარედან ჩვეულებრივს ჰგავს, თუმცა სინამდვილეში ის ბევრ საიდუმლოს ინახავს. მას თავზე აქვს უზარმაზარი ანტენა და არ აქვს ილუმინატორები.
თვითმფრინავი მოსკოვის თავზე უკვე შენიშნეს. ის 9 მაისის გენერალურ რეპეტიციებში ჩაერთო. ექსპერტები მიიჩნევენ რომ ამ ხომალდის გამოჩენით პუტინი დასავლეთს მიანიშნებს, რომ ის არ გაჩერდება...
ბირთვული ომი თუ საყოველთაო მობილიზება ? რა გეგმა აქვს პუტინს ამ დროისთვის უცნობია. არსებობს კიდევ ერთი ვერსია რომ 9 მაისს, პუტინი მცირე გამარჯვების გაფორმებას შეეცდება. აქ კი მთავარი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ე.წ. დამოუკიდებლობის ან მიერთების გამოცხადება იქნება. რუსების თვალში პუტინი ამით გამარჯვებულის მანტიის მოირგებს და დანგრეული რეპუტაციის აღდგენას შეეცდება. თუმცა ამ გეგმაში ერთი სუსტი წერტილია - მარიუპოლი, რომელიც ისევ დგას.
პუტინის გეგმებს კარგად იცნობენ უკრაინაში და პროვოკაციების წინააღმდეგ მზადება უკვე დაწყებულია. რამდენიმე ოლქში უკვე გამოცხადდა კომენდანტის საათი. გააქტიურებულია დაბომბვების სერია. ხარკოვი, დონეცკი,ლუგანსკი და ოდესა დღეს კვლავ ინტენსიურად დაიბომბა. პროვოკაციებს ელოდებიან ხერსონში და ნიკოლაევში. რუსული ე.წ. რეფერენდუმის იდეა აქაც აქტიურად მწიფდება.