მზადდება "აზოვსტალიდან" ევაკუაციის მეორე ეტაპი, დაჭრილებისა და მედიკოსებისთვის - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტმა ზელენსკიმ, ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში, მარიუპოლიდან ევაკუაციის შემდგომ ეტაპებზე ისაუბრა. მან მადლობა გადაუხადა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და გაეროს, აზოვსტალიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციაში დახმარებისთვის. პრეზიდენტის ინფორმაციით, მოხერხდა 300-ზე მეტი ქალისა და ბავშვის გადარჩენა.

ზელენსკის თქმით, მზადდება ევაკუაციის მისიის მეორე ეტაპი დაჭრილებისა და მედიკოსებისთვის.

"მადლობა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და გაეროს გუნდებს, რომლებიც დაგვეხმარნენ აზოვსტალთან ევაკუაციის მისიის პირველი ეტაპის განხორციელებაში. გადაარჩინეს 300-ზე მეტი ადამიანი - ქალები და ბავშვები. ფაქტობრივად, აზოვსტალიდან მშვიდობიანი მოქალაქეები გამოვიყვანეთ. ჩვენ ვამზადებთ ევაკუაციის მისიის მეორე ეტაპს - დაჭრილებისა და მედიკოსებისთვის. რა თქმა უნდა, თუ ყველა შეასრულებს შეთანხმებებს." - განაცხადა პრეზიდენტმა.

 ზელენსკის თქმით, ასევე მიმდინარეობს მუშაობა სამხედროების გამოსაყვანად:

"ყველა გმირია, ვინც მარიუპოლს იცავს. ეს უკიდურესად რთული, მაგრამ მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, ყველას ესმის ამ სირთულის მთავარი მიზეზი, ასევე სად არის ეს მიზეზი. მაგრამ იმედს არ ვკარგავთ. არ ვჩერდებით. ყოველდღე ჩვენ ვეძებთ დიპლომატიურ ვარიანტს, რომელსაც შეუძლია იმუშაოს. ჩვენი გუნდი ემზადება ხვალ მარიუპოლისა და მიმდებარე დასახლებებიდან ჰუმანიტარული დერეფნების მუშაობის გასაგრძელებლად", - აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, უკრაინის ვიცეპრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა 7 მაისს გააკეთა განცხადება, რომ   "აზოვსტალიდან" ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცი ევაკუირებულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი