
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სპეციალური მიმართვა ჩაწერა ხსოვნისა და შერიგების დღისთვის, რომელიც უკრაინაში 8 მაისს აღინიშნება. ვიდეოში ის ბოროდიანკაში დანგრეული და დამწვარი სახლების ფონზე დგას. ვიდეოს დასაწყისში ზელენსკი სვამს კითხვას: "შეიძლება თუ არა გაზაფხული შავ-თეთრი გახდეს?"
უკრაინის პრეზიდენტი თავის მიმართვაში ამბობს, რომ სიტყვა "აღარასდროს", რომელიც ხშირად ისმის მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებით, ახლა უკრაინელებისთვის სხვანაირად ჟღერს – "ძახილის გარეშე, მაგრამ კითხვის ნიშნით".
""24 თებერვალს სიტყვა "არასდროს" წაშალეს. გვესროდნენ და გვბომბავდნენ ასობით რაკეტით დილის 4 საათზე, რამაც მთელი უკრაინა გამოაფხიზლა. საშინელი აფეთქებების ხმა გავიგეთ. გავიგეთ: ისევ. სიტყვა "არასოდეს“ ამოგდებული იყო ამ სლოგანიდან, ამოჭრეს ე.წ. სპეცოპერაციის დროს. გულში დანა ჩაგვასვეს და თვალებში ჩახედვისას თქვეს: "ეს ჩვენ არ ვართ!". მათ მოკლეს სიტყვა "აღარასდროს" და თქვეს: "ჩვენ შეგვიძლია გავიმეოროთ"...
წელს ჩვენ სხვანაირად ვამბობთ "აღარასოდეს", ეს სიტყვა სხვანაირად გვესმის. ჟღერს მტკივნეულად, სასტიკად. ძახილის ნიშნის გარეშე, მაგრამ კითხვის ნიშნით.
მარადიული პატივი ყველას, ვინც ნაციზმს ეწინააღმდეგებოდა! მარადიული ხსოვნა მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულებს!", - ამბობს ზელენსკი.
ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში თქვა, რომ "ვერცერთი ბოროტება ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას და ვერ დაიმალება ბუნკერში". ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა პატივს სცემს მათ, ვინც იცავდა სამშობლოს და სამყაროს ნაციზმისაგან. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მეორე მსოფლიო ომში ჯარისკაცები დაიღუპნენ, რათა ფაშისტური საშინელებები არ განმეორებულიყო, მაგრამ "ეს სხვაგვარად მოხდა და ეს უსამართლოა ყველას მიმართ".
ზელენსკი ამბობს, რომ სიმართლე გაიმარჯვებს და უკრაინა ყველაფერს დაძლევს: "ჩვენი სამხედროები და მთელი ჩვენი ხალხი, მათი შთამომავლები, ვინც დაამარცხა ნაციზმი, კვლავ გაიმარჯვებს".
"და ისევ მშვიდობა იქნება - ბოლოს ისევ. ჩვენ დავძლევთ ზამთარს, რომელიც 24 თებერვალს დაიწყო და 8 მაისს გრძელდება, მაგრამ აუცილებლად დასრულდება და უკრაინული მზე ამოვა", - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.
მანვე დასძინა, რომ დროებით ოკუპირებულ ქალაქებსა და სოფლებზე უკრაინის დროშა კვლავ ფრიალებს.