გელათის მონასტერი ისევ საფრთხეშია - ხელისუფლება ჩვეული ხელწერით, ისტორიულ ძეგლზე დაუსრულებელ სარეაბილიტაციო სამუშაოებს აგრძელებს.
კულტურის სამინისტრო არცერთი წინამორბედი კომპანიის შესრულებული სამუშაოებით კმაყოფილი არ არის. უწყება მონასტრის დროებითი გადახურვის სამუშაოებისთვის და უკვე გადახურული კრამიტის მოსახსნელად მორიგ ხელშეკრულებას ახალ კომპანიასთან აფორმებს.
დოკუმენტის მიხედვით, კომპანიამ ისტორიულ ტაძარს დროებითი გადახურვა უნდა მოხსნას, აიღოს კრამიტი და ისევ თუნუქის ფირფიტებისგან დამზადებული მასალით დროებით გადახუროს. სამუშაოები 31 მაისამდე უნდა დასრულდეს.
კულტურის სამინისტრო ამისთვის 205 000 ლარზე მეტს მხოლოდ იმიტომ დახარჯავს, რომ წლების წინ გელათის რეაბილიტაცია "ოცნებასთან" დაახლოებულ არაპროფესიონალ კომპანიებს ჩააბარეს.
ისტორიულ ტაძარში ექსპერიმენტები გრძელდება - ამბობენ სფეროს სპეციალისტები და აღნიშნავენ, რომ ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რა მნიშვნელობის ტაძარზე ატარებს ექსპერიმენტებს.
"გელათის სამარცხვინო რესტავრაციის ისტორიაში 2 ფაზაა: პირველი, როდესაც ამ სამარცხვინო სისტემამ, რომელიც მთლიანად ძალაგამოცლილი და კორუმპირებულია, დააზიანა ისტორიული კომპლექსის და მეორე, როდესაც პოლიტიკური ანგაჟირებულობის მაღალი ხარისხი ერთვება, რაც ხელს უშლის ამ ზიანის გამოსწორებას", - ამბობს "ევროპა ჩვენი სახლიას" დამფუძნებელი, თორნიკე ბარათაშვილი.
ევროპული საქართველოს წევრი, ბესიკ დონაძე აღნიშნავს, რომ აუცილებელია პროცესის გამჭვირვალობა, რადგან "ბოლოს ვისაც გაუფორმეს ხელშეკრულება, არცერთი სახელმწიფო შეკვეთა არ აქვს შესრულებული და მისი გამოცდილებაც ეჭვის ქვეშაა".
ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ" ისტორიული მონასტრის რეაბილიტაცია 2014 წელს დაიწყო. რამდენიმე წლის შემდეგ კი განაცხადა, რომ რეაბილიტაცია დასრულებულია. წვიმის შემდეგ, გაირკვა, რომ მონასტერში წყალი ჩავიდა და ფრესკები ჩამორეცხა.