საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ულტიმატუმს ოპოზიცია უარით პასუხობს

გამოქვეყნდა:

100 დეპუტატი პროპორციული სისტემით, 50 მაჟორიტარულით - ხელისუფლება ამტკიცებს, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ეს შეთავაზება საბოლოოა და აღარაფერს დათმობს.

ოპოზიცია კი დაპირებულ მაჟორიტარულ სისტემას ითხოვს და სხვა ვარიანტებს არც განიხილავს. „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებები ერთი შეხედვით ჩიხშია.

პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის საპოვნელად მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან პარტნიორებთან ერთად კიდევ ერთხელ უნდა დასხდნენ, ამჯერად, მეხუთე რაუნდზე. თუმცა, უცნობია, როდის გაიმართება მორიგი შეხვედრა.

მმართველ გუნდში საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების იმედი აქვთ. „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე კიდევ ერთხელ იმეორებს მმართველი გუნდის პოზიციას, რომ თუ ოპონენტები 100/50 ფორმულას არ დათანხმდებიან, მაშინ არჩევნები არსებული შერეული სისტემით ჩატარდება.

„ერთადერთი პოლიტიკური პარტია, ვისაც აქვს რეალურად გამარჯვების და მყარი უმრავლესობის მოპოვების შანსი, ესაა „ქართული ოცნება“, შეიძლება საკონსტიტუციო უმრავლესობისაც კი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ოპოზიცია კი დათმობას არ აპირებს და ამბობს, რომ „ოცნების“ მიერ შეთავაზებული ვერსია მათთვის მიუღებელია.

„ჩვენ ოპოზიციამ უარი ვუთხარით შეხვედრაზე იქვე, მკაფიო და საბოლოო, მერე გარეთ და ათასჯერ. ესეც ისტერიკის ნიშანია, რომ იმეორებენ ამაზე უნდა იფიქრონ და ბატონი თალაკვაძე, იქამდე ზალკალიანი იყვნენ აშშ-ში, იქ უხვად გასცეს დაპირებები, რომ პროგრესი იქნება, არ ვიცი რას გულისხმობდნენ, თუ ამას გულისხმობდნენ, კიდევ ერთხელ უთქვამთ სიცრუე საქართველოს მეგობრებისთვის და პირველ რიგში, ქართული საზოგადოებისთვის“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირება ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოების პროტესტის ფონზე გასცა, როდესაც მოქალაქეები ქუჩაში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის თბილისში ვიზიტის გამო გამოვიდნენ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი