
„გირჩს“ საკონსტიტუციო სასამართლოში დეპუტატთა შარდის "სიწმინდის" წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს. პარტია დღევანდელ კანონმდებლობას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის წევრობის მსურველები ვალდებულები არიან ცესკო-ში რეგისტრაციისთვის ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა წარადგინონ.
პარლამენტის წევრს ირჩევს ხალხი. ხალხისგან აქვს მას ლეგიტიმაცია და არ შეიძლება, დეპუტატობის კანდიდატს დაუწესდეს ასეთი აბსურდული და დამამცირებელი მოთხოვნა. ადამიანები თვითონ გადაწყვეტენ, ვინ იმსახურებს პარლამენტში ყოფნას და ვინ არა, - ამბობს პარტიის წევრი, მოსარჩელე ლევან ჯგერენაია.
პარტიის წევრები დეპუტატობის მსურველ პოლიტიკოსებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. ამბობენ, რომ ამ ნორმის ცვლილება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ნორმალურ და ადამიანურ პირობებში ჩატარებას ხელს შეუწყობს.
მათივე თქმით, იმ ნორმას, რომ პარლამენტის დეპუტატის შარდი „ბავშვის შარდივით სუფთა“ უნდა იყოს, არც მორალური, არც სამართლებრივი, არც ტექნიკური მხრიდან არანაირი შინაარსი არ აქვს.