ლუკა სირაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა კიდევ 2 პოლიციელის მხრიდან ჩადენილი დარღვევა გამოავლინა. ერთი მათგანი, განყოფილების მენეჯერი, არასრულწლოვანს კანონიერი წარმომადგენლის გარეშე უსვამდა შეკითხვებს, მეორე პოლიციელმა კი 15 წლის მოზარდს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე სასამართლოში გადაიგზავნა. განსხვავებით მარიანა ჩოლიანის შემთხვევისგან, ინსპექტორის სამსახურს ამჯერად პოლიციელებისთვის ბრალი არ წაუყენებია. საქმე შემდგომი რეაგირებისთვის გენინსპექციაშია გადაგზავნილი. სამართალდამცველების ვინაობას სახელმწიფო ინსპექტორი არ ასაჯაროებს.
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, სახელმწიფო ინსპექტორმა გენერალურ ინსპექციას განსახილველად გადასცა პოლიციელის რევაზ მამასახლისის საქმე, რომელმაც ტრაგედიის შემდეგ შსს დატოვა. „მთავარის“ ინფორმაციით, მეორე სამართალდამცავი, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა ლუკა სირაძეს, სავარაუდოდ, მამუკა სირაძეა.
ლუკა სირაძის ძმა, ბექა სირაძე ვარაუდობს, რომ ამ ორი პოლიციელის პასუხისმგებლობის საკითხი მისი დედის ჩვენებიდან გამომდინარე დადგა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა „მწვანე სკოლასთან“ დაკავშირებითაც გამოავლინა დარღვევა და განათლების სამინისტროს მიმართა, რომ ვიდეოთვალთვალთან დაკავშირებული ვითარება შეისწავლონ.
15 წლის ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა 11 დეკემბერს სცადა, ის საავადმყოფოში გადაყვანიდან 6 დღის შემდეგ გარდაიცვალა. მას 17 დეკემბერს გული გაუჩერდა.
ლუკა სირაძეს პოლიცია „მწვანე სკოლის“ შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერის „ამ ცხოვრების დედაც“ გაკეთებას ედავებოდა. ლუკა სირაძის თვითმკვლელობის საქმეზე ამ დრომდე მხოლოდ გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანია დაკავებული.