
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო ვერ დაუშვებს მესამე პრეზიდენტმა სასჯელს თავი აარიდოს და ამ საკითხის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაში არევა არ უნდა მოხდეს.
პაპუაშვილის აზრით, მიხეილ სააკაშვილის მომხრეები ახლა იმით უნდა იყვნენ დაკავებულები, რომ მოუწოდებდნენ და არწმუნებდნენ მას, ყველა შეთავაზებული სამედიცინო სერვისი მიიღოს.
"ყველა ადამიანი დღეს, მიუხედავად მისი წარმომავლობისა, თანამდებობისა თუ ასე შემდეგ, ყველა ადამიანი ვინც დღეს ამბობს, თავისუფლება მიშას, ყველა ეს ადამიანი დასცინის მიხეილ სააკაშვილის დანაშაულების მსხვერპლებს, ყველა ეს ადამიანი დასცინის მართლმსაჯულების იდეას. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ მხრივ სახელმწიფო ვალდებულია აღასრულოს ის განაჩენი, რომელიც გამოიტანა ქართულმა სასამართლომ სამივე ინსტანციაში და მათ შორის სტრასბურგის გადაწყვეტილებითაც არის დადასტურებული", - თქვა პაპუაშვილმა.
მისი განცხადებით, გადაიყვანენ თუ არა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ ან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება პარლამენტის კომპეტენცია არ არის. პაპუაშვილმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო ყველა სამედიცინო სერვისს სთავაზობს და ის ნაწილზე უარს ამბობს.