
უკრაინის ერთ-ერთი საუკეთესო პილოტი ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიღუპა - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათი ცნობით, უკრაინის ავიაციის მე-10 ბრიგადის ყოფილი მეთაური, პოლკოვნიკი იგორ ბეძაი 7 მაისს დაიღუპა - "ის გარდაიცვალა ცაში, რომელიც უყვარდა და იცავდა", - წერს Return Alive Foundation-ის დირექტორი ტარას ჩმუტი.
ბეძაი წარმოშობით მიკოლაევიდანაა და სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად, მას სამხედრო სამსახურისადმი ერთგულების მაგალითი უწოდეს.
2014 წელს, ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, მე-10 საზღვაო საავიაციო ბრიგადა გახდა შეიარაღებული ძალების ერთადერთი ქვედანაყოფი, რომელმაც მოახერხა ანექსირებული ნახევარკუნძულიდან სამხედრო ტექნიკის გაყვანა. ოპერაცია სწორედ ბეძაის ხელმძღვანელობით ჩატარდა. როგორც ამბობდნენ, სწორედ მისი დამსახურებით შეინარჩუნა უკრაინამ მაშინ საზღვაო ავიაცია.