კორუფციული რისკის შემცველი პოლიტიკური შემოწირულობები - რა კითხვებს უჩენს სამოქალაქო სექტორს "ქართული ოცნებისთვის'' გადარიცხული თანხა. IDFI-ის კლევის მიხედვით, კომპანიებს, რომლებიც მმართველ პარტიას აფინანსებენ, შესაძლოა ბიზნეს ინტერესები ჰქონდეთ. ასეთ კომპანიებს შორის დასახელებულია "არემჯი გოლდის'' თანამშრომელთა, ასევე "ლილო-მოლის'' დამფუძნებელთა შემოწირულობები.
კვლევაში ასევე საუბარია შემთხვევებზე, როცა თანხის შეწირვის შემდეგ კომპანიები იგებენ ტენდერებს და ამ გზით ფაქტობრივად უკან იბრუნებენ გაცემულ თანხას, ან სარგებლობენ სხვა სახის შეღავათებითა და პრივილეგიებით. IDFI მოუწოდებს აუდიტის სამსახურს გააძლიეროს მონიტორინგი და გამოავლინოს შესაძლო დარღვევების ფაქტები.
ძირითადი პრობლემა, რაც გამოიკვეთა 2020 წლის შემოწირულობებში, ეს არის ერთ კომპანიასთან დაკავშირებული საკმაოდ ბევრი ფიზიკური პირი, ეს არის "არემჯი გოლდი", მოვახდინეთ 21 თანამშრომლის იდენტიფიცირება და გაგვიჩნდა ეჭვი, ხომ არ ხდება ამ თანხმების მობილიზება ტოპმენეჯმენტის მხრიდან და თანამშრომლებს ხომ არ იყენებენ, რათა კანონის გვერდის ავლით მოახდინონ ჩარიცხვა, - ამბობს IDFI-ის ანალიტიკოსი მარიამ გოგიაშვილი.