
უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას თქმით, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში გადაიყვანონ, სადაც ის შესაბამის სამედიცინო დახმარებას მიიღებს.
"ყველაფერს ვაკეთებ, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკაში, სადაც მიიღებს შესაბამის სამედიცინო დახმარებას. ვაკვირდებით სიტუაციას და უშუალოდ კონტაქტზე ვართ ჩვენს მოქალაქესთან",-თქვა ლუდმილა დენისოვამ ფორმულასთან ინტერვიუში.
ცნობისთვის, ექიმების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. სახალხო დამცველის ინიციატივით შექმნილმა კონსილიუმის ჯგუფმა მესამე პრეზიდენტი 22 აპრილს მოინახულა. 27 აპრილს ნინო ლომჯარიამ კონსილიუმის დასკვნა გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ბოლო ვიზიტთან (11.01.2022) შედარებით, პაციენტის მდგომარეობა დამატებით მნიშვნელოვნადაა გაუარესებული. პაციენტი ამჟამად არის უარყოფით კატაბოლურ მდგომარეობაში (ორგანიზმი მოიხმარს საკუთარი ორგანოების დაშლის შედეგად გამოყოფილ ცილებს - ერთგვარი თვითმონელება).
დასკვნაში ასევე წერია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად მიხეილ სააკაშვილს ფორმალურად შიმშილობა არ აქვს გამოცხადებული, წინა შიმშილობისგან განსხვავებით, მიმდინარეობს წონის კლება კუნთოვანი მასის (ცილის) კლების ხარჯზე. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს, როგორც ცილოვანი შიმშილი (მიზეზი - ანორექსია).
მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ ოჯახის წევრები, ადვოკატები და მხარდამჭეერები.