
"7 თვის განმავლობაში და ამ პერიოდში 800 ვიზიტორი და ამდენი ექიმის მეთვალყურეობა თუ წამებად მიიჩნევა მათი მხრიდან, მაშინ ეს სხვანაირად იყო მანამდე" - ამბობს "ოცნების" ექიმი დეპუტატი ხუნდაძე მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბრისას და მესამე პრეზიდენტის თანაგუნდელებს "ურჩევს", თუ მასზე ზრუნავენ, პირველ რიგში მიდგომა უნდა შეცვალონ.
"ამჯერად მე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე არ გავაკეთებ განცხადებებს, იმიტომ, რომ საკმარისად ნათლად ვთქვი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და თუკი რეალურად მისი თანაგუნდელებიც, მისი თანამოაზრეებიც ზრუნავენ მის ჯანმრთელობაზე, მე ვფიქრობ, პირველ რიგში მათ უნდა შეცვალონ მიდგომა. [...] 2012 წელს მიშამ ხელკეტებისა და ტერორის ფონზე ვითომ მშვიდობიანად გადააბარა ხელისუფლება და ქვეყანას და საზოგადოებას სიმშვიდეს სწორედ იმ დღიდან არ აძლევს. ხელისუფლება კლავსო და ციხეში საშინელი წამებისა და სტრესის ქვეშ არისო, 7 თვის განმავლობაში და ამ პერიოდში 800 ვიზიტორი და ამდენი ექიმის მეთვალყურეობა თუ წამებად მიიჩნევა მათი მხრიდან, მაშინ ეს სხვანაირად იყო მანამდე. არაფერს ვამბობ სტრასბურგის პასუხზე ასეთ წამებაზე, რომელიც განხილვაშიც კი არ მიიღო", - თქვა ხუნდაძემ.
დეპუტატის თქმით, დღეს ციხეს იგივე მისამართი აქვს, მაგრამ იქ მიდგომები რადიკალურადაა შეცვლილი - "მაგალითად ყოველ 5 დღეში, 3 გვამი სტაბილურად არ გამოდის იქიდან, პატიმრები ფეხზე დგომით, ხშირად ქამრებით საწოლზე ჩამოკიდებულები, რიგ-რიგობით არ იძინებენ".