
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ ქვეყანა ივნისში არ მიიღებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, მაშინ ეს ევროპელების მხრიდან „მოტყუება“ იქნება.
"თუ ჩვენ კანდიდატის სტატუსს არ მივიღებთ, ეს შეიძლება მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავდეს - ევროპა ცდილობს ჩვენს მოტყუებას. ჩვენ ამას არ გადავყლაპავთ...უკრაინა ერთადერთი ადგილია ევროპაში, სადაც ადამიანები იღუპებიან იმ ღირებულებებისთვის, რომლებსაც ევროკავშირი ემყარება და ვფიქრობ, ეს პატივი უნდა იქნას მიღებული",- განაცხადა კულებამ.
ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის ევროკავშირის წევრის სტატუსის მოპოვების პროცესს რამდენიმე წელი ან თუნდაც რამდენიმე ათეული წელი დასჭირდება.
ამის საპასუხოდ კულებამ აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლებისთვის ამ მომენტისთვის მთავარია კანდიდატის სტატუსის მოპოვება. მისი თქმით, სამი თვის წინ უკრაინას გაწევრიანების პერსპექტივაც კი არ ჰქონდა. ახლა განიხილავენ, რამდენი ხანი დასჭირდება ამას.