მიწების რეგისტრაცია, იპოთეკური სესხები, დევნილთა ბინები - მთავრობის სხდომა დაიწყო

გამოქვეყნდა:

მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა დაიწყო. დაწყებამდე გიორგი გახარიამ სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

მთავრობის სხდომაზე იმსჯელებენ რამდენიმე საკითხზე, მათ შორის, მიწის სისტემური რეგისტრაციის ახალ ეტაპზე, რომელიც შეეხება 5 მუნიციპალიტეტს, თეთრიწყაროს, გარდაბნის, ქარელის, გორისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებს. მიწის რეგისტრაციისთვის ამ რეგიონების მცხოვრებლებს საფასურის გადახდა არ მოუწევთ, რადგან სახელმწიფოს ამ პროექტის დაფინანსება თავად აქვს მოძიებული.

სხდომაზე ასევე განიხილავენ საკვები პროდუქციით ვაჭრობის სფეროში ბუნებრივი დანაკარგების ჩამოწერის საკითხს, რომელიც, გახარიას თქმით, მუდმივად იყო დავის საგანი ფინანსთა სამინისტროსა და კერძო სექტორს შორის. პრემიერი ამბობს, რომ ფინანსთა სამინისტრომ შექმნა იდეალური პირობები, რომ ეს დანაკარგები უმარტივესად იქნას ჩამოწერილი. 

მშენებლობის სექტორთან დაკავშირებული ანტიკრიზისული გეგმის პირველი ნაბიჯები სამთავრობო დადგენილებით იქნება მიღებული. გახარიას თქმით, ამ გეგმაში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ეხება მოქალაქეებს, ვინც იპოთეკურ სესხს აიღებს წლის ბოლომდე. მათ სახელმწიფო ნაწილობრივ დაუსუბსიდირებს სესხის პროცენტს ხუთი წლის განმავლობაში. 

გახარიამ განაცხადა, რომ დღეს ჯანდაცვის სამინისტრო დევნილთა 496 ოჯახს გადასცემს ახალ ბინებს ან დაუკანონებს უკვე არსებულ ბინებს. მისი თქმით, წლის ბოლომდე იქნება რამდენიმე მსგავსი დადგენილება, რაც ქვეყნის მასშტაბით 500-მდე დევნილთა ოჯახს შეეხება. 

პრემიერმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანაგარიშში, რომელიც 2019 წლის ტერორიზმის მონაცემებს ეხება, ქართული სპეციალური უსაფთხოების სამსახურები მაღალი ხარისხით არიან შეფასებული. 

ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი ფუნქცია რეგიონში. ეს ფუნქცია არის უსაფთხოება, სიმშვიდე რეგიონში და ამ მიმართულებით ჩვენი თანამშრომლობა აშშ-სთან იძენს სულ უფრო და უფრო მეტ დატვირთვას და შინაარსს, - აცხადებს გახარია. 

მთავრობის სხდომა პრემიერ მინისტრის გაკეთებული განცხადების შემდეგ მედიისთვის დახურულ კარს მიღმა გაგრძელდა. 

   

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი