იმდენად უაზრო მიზეზია, სასაცილოდაც არ მყოფნის - რას მოჰყვა საბედისწეროდ დასრულებული კონფლიქტი

გამოქვეყნდა:

19 წლის გიორგი შაქარაშვილს ტრაგედიიდან ერთი კვირის შემდეგ, ოჯახსა და საზოგადოებას ჯერ ისევ არ აქვთ პასუხი კითხვაზე, რა მოხდა მცხეთაში საბედისწერო ღამეს. 

საქმის მოწმეების დაკითხვა და ექსპერტიზა ამ დრომდე გრძელდება. სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, დაბადების დღის მონაწილეთა ექსპერტიზის პროცესი, დღეს დილიდან განახლდა.

"მთავარი" ესაუბრა ერთ-ერთი მოწმის ახლობელს, რომელიც ამბობს, რომ დაბადების დღის წვეულებაზე, სადაც შაქარაშვილი იმყოფებოდა, დაპირისპირება სრულიად უმნიშვნელო მიზეზის გამო დაიწყო. ახალგაზრდების უთანხმოება, სავარაუდოდ, სადღეგრძელოში ნათქვამ სიტყვებს მოყვა.

რაც ვიცი, იმდენად უაზრო მიზეზია, სასაცილოდაც არ მყოფნის. რაღაც სადღეგრძელოს გამო "გამოეკიდნენ" სიტყვებზე, - განმარტავს იგი.

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საკითხთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი ჩაატარეს ადვოკატებმა, რომლებიც საქმეში ნახსენები შავი ფერის ავტომანქანაში მჯდომი მოწმეების ინტერესებს იცავენ. ადვოკატების მტკიცებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფნი დაბადების დღის წვეულებაზე არ ყოფილან და კონფლიქტთან არავითარი შეხება არ ჰქონიათ.

ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფები, როდესაც უკვე ჩნდებიან აღნიშნულ საქმეში და გადაადგილდებიან "ტოიოტა კამრის" ტიპის ავტომანქანით, უკვე გიორგი იქ არ იმყოფება. ე.ი. ის ვერსია, რომ იმ ოთხიდან ბოლოს, როდესაც ჩვენი დაცვის მყოფებმა გიორგი, ეს ვერსია არ შეესაბამება რეალობას, - ამბობს ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე.

გიორგი შაქარაშვილის ბიძამ კი მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ გარდაცვლილის ოჯახი სრულად თანამშრომლობს გამოძიებასთან და ექსპერტიზის საბოლოო დასკვნას ელოდება, რომელიც 10 დღეში გახდება ცნობილი.

ყოველდღე ვკონტაქტობთ გამოძიებასთან, ვცვლით ერთმანეთში ინფორმაციებს... ყველა ვთანხმდებით ექსპერტიზის დასკვნის გადაუდებელ აუცილებლობაზე, რომელიც შემდგომ გვაფიქრებინებს ერთი ან მეორე ვერსიის მართებულობას, - ამბობს გარდაცვლილის ბიძა მირიან ნოკოლაძე.

შაქარაშვილის ცხედარი უკვე გადაასვენეს ვაზისუბანში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში. ახალგაზრდა ფეხბურთელს დღეს დაკრძალავენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი