
სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე ამბობს, რომ გაუგებარია, რატომ სურს იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციურ სამსახურს, ომბუდსმენის აპარატმა მათ მიერ გაგზავნილი კითხვები გაასაჯაროოს.
როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, ომბუდსმენს და კონსილიუმის ექსპერტებს ყველა კითხვაზე აქვთ პასუხი, რაზეც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მომზადებულ დასკვნაშია საუბარი.
"ამ კითხვებში არა რამე ისეთი განსაკუთრებული საიდუმლო არაფერი არ არის. თუ რატი ბრეგაძეს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და პენიტენციურ სამსახურს სურს ამ ინფორმაციის გასაჯაროება, სრულად ამოუხსნელი და გაუგებარია, რატომ სურთ მათ სახალხო დამცველმა, სახალხო დამცველის აპარატმა ეს საკითხი გაასაჯაროოს.
კონსილიუმს არაერთი დასკვნა მოუმზადებია აქამდე კითხვის ნიშნების დასმა არ ხდებოდა ამასთან დაკავშირებით და ვერც ახლა ვხედავთ რაიმე განსაკუთრებულ გარემოებას, რის გამოც, დამატებით, მაინც და მაინც წერილობით კითხვებზეა საუბარი. ჩვენ გვაქვს ყველ კითხვაზე პასუხი, ჩვენ ექიმებს აქვთ ყველა კითხვაზე პასუხები, ექიმები სრულად დარწმუნებულები არიან მათ დასკვნაში, ისინი არიან მაღალკვალიფიციურები და მათი დასკვნა ეფუძნება მათ ნააზრევს, მსჯელობას", - თქვა გიორგი ბურჯანაძემ.
ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ 9 მაისს თქვა, რომ აპარატს გაეგზავნა კითხვები, რომლებიც დასმული იყო ექიმების მიერ, თუმცა უწყებას წერილობითი პასუხი არ მიუღია: "თუ სახალხო დამცველს სააკაშვილისგან წერილობითი თანხმობა აქვს, გაასაჯაროონ ის წერილობითი კითხვები, რომლებითაც მივმართეთ. გახდეს საზოგადოებისთვის ცნობილი და იმსჯელოს სამედიცინო საზოგადოებამ".