
ჩვენ, როგორც ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, დევნილთა და ასევე დასაქმების სამინისტრო, აქტიურად ვადევნებთ თვალ-ყურს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობას - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში, დეპუტატების კითხვებზე პასუხისას.
„თუ იქნება იმის საჭიროება და პენიტენციური სამსახური ჩათვლის, რომ აუცილებელია ნებისმიერი ექიმის თუ კვალიფიკაციის მქონე სხვა სამედიცინო თანამშრომლის ჩართვა, მოწვევა და სხვადასხვა კონსილიუმების მოწვევა, ამ მხრივ მას სრული თავისუფლება აქვს. თუ ჩვენი მხრიდან იქნება რაიმე სახის რეკომენდაცია ან მხარდაჭერა საჭირო, ამისთვისაც მზად ვართ.
ასევე ვიცით, რომ მას შეთავაზებული აქვს კვლევები სხვა კერძო კლინიკაში თბილისში. დარწმუნებული ვარ, რომ იგივე ტიპის კვლევები და ანალიზები პენიტენციურ სისტემაშიც უტარდება, რადგან საკმაოდ მაღალი დონის სპეციალისტები არიან და მაღალი დონის დანადგარები აქვთ იქ. იუსტიციის მინისტრის მხრიდან კიდევ ერთხელ გადამოწმებისთვის ეს შეთავაზებაც იქნა გაჟღერებული“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა
შეგახსენებთ, იუსტიციამ მესამე პრეზიდენტს გამოკვლევებისთვის კლინიკა "ვივა მედში" გადაყვანა შესთავაზა. ჰოსპიტალიზება სავარაუდოდ დღეს მოხდება.