
ცენტრი "ემპათია" გეგმავს, მესამე პრეზიდენტის ექსპერტიზა გააგრძელოს. ექსპერტებს იმედი აქვთ, რომ "ვივა მედში" გადაყვანის შემთხვევაში მათ მიხეილ სააკაშვილის პალატაში შეუშვებენ. ცენტრის დირექტორი, მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანაა საჭირო.
"ცენტრი "ემპათია" რა თქმა უნდა, გეგმავს ექსპერტიზის გაგრძელებას და იმედი გვაქვს, ყოველ შემთხვევაში, კანონიერად ასეა, რომ უნდა შეგვიშვან. ამ წუთას საჭიროებს ინტენსიურ თერაპიას და პირველ რიგში, სწორ დიაგნოსტიკას, ეს არის მაღალტექნოლოგიური კვლევები, ეს რესურსი გააჩნია თუ არა "ვივა მედს" ჩემთვის უცნობია, ყოველ შემთხვევაში, მისი მდგომარეობა არის მძიმე და საჭიროა სასწრაფოდ შეჩერდეს ყველა ის პათოლოგიური პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ამჟამად. მე ვფიქრობ, უპრიანი იქნებოდა მისი გადაყვანა საზღვარგარეთ", - თქვა მარიამ ჯიშკარიანმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი "ვივა მედში" ჯერ არ გადაუყვანიათ, მას გუშინ ადგილზე ოჯახის წევრები, პარტიის წარმომადგენლები, ექიმები და მხარდამჭერები ელოდნენ. კლინიკაში შსს-სა და პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც პალატა მოამზადეს.