
უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი, გენერალ-მაიორი კირილო ბუდანოვი ამბობს, რომ რუსეთში ფარული მობილიზაცია უკვე დაწყებულია.
როგორც მან აღნიშნა, ამ მიმართულებით რუსეთის ხელმძღვანელობა მკვეთრად გააქტიურდა.
"მე ვადასტურებ, რომ რუსეთი ახორციელებს ფარულ მობილიზაციას. ეს ორი გზით ხდება: პირველი - ეს არის ფაქტობრივი ქმედებები, რასაც სწორედ ფარული მობილიზაცია ჰქვია და მეორე - რეზერვისტების გამოყენება", - თქვა ბუდანოვმა.
გენერალ-მაიორმა დასძინა, რომ მტრის რეზერვისტები მოკლევადიანი კონტრაქტებით ჩართული არიან საბრძოლო მოქმედებებში. მისი თქმით, უკრაინელებმა უკვე დაატყვევეს რამდენიმე ოკუპანტი, რომლებიც იქ სწორედ ასეთი ფორმით ჩაიყვანეს.
დაზვერვის მაღალჩინოსანმა რუსეთში დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზეც ისაუბრა. მან თქვა, რომ პირველ რიგში, კრემლს სურს, გაწვევა მოხდეს არა წელიწადში 2-ჯერ, არამედ ნებისმიერ დროს. ასევე, მათ სურთ გაზარდონ პასუხისმგებლობა სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაზე.