შოთაძის მეორედ მოსვლა - გადაყენებული გენპროკურორის დაბრუნებას მმართველი გუნდი მხარს დაუჭერს 

გამოქვეყნდა:

მთავარი პროკურორი, რომლის სახელსაც არაერთი სკანდალი, გახმაურებული საქმე და პასუხგაუცემელი შეკითხვები უკავშირდება მალე პროკურატურის კარს მთავარი ბრალმდებლის სტატუსით ისევ შეაღებს. სამოქალაქო სექტორის პროტესტის ფონზე გამართულ კენჭისყრაზე საპროკურორო საბჭომ ირაკლი შოთაძეს 11 ხმით უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადა.

ამ გადაწყვეტილებით ირაკლი შოთაძის მეორედ მოსვლას მხოლოდ პარლამენტის თანხმობა სჭირდება.მესამე სექტორის წარმომადგენლები თვლიან, რომ ირაკლი შოთაძის პროკურატურაში დაბრუნება დანაშაულია, რადგან მის სახელს არაერთი ისეთი გახმაურებული საქმე უკავშირდება, სადაც ამ დრომდე ბევრი კითხვის ნიშანია. 

არასამთავრობოთა მეორე ნაწილისთვის შოთაძის მეორედ მოსვლა ხელისუფლების პოლიტიკური განაცხადი და იმის აღიარებაა, რომ თანამდებობებს კონკრეტული პირები არა კვალიფიკაციის, არამედ ერთი კაცის სურვილის შესაბამისად იღებენ. არასამთავრობოები თვლიან, რომ ქვეყანაში მოჯადოებული სამართლებრივი წრე იკვრება, სადაც სამართლის პოვნა რიგით ადამიანებს გაუჭირდებათ. ირაკლი შოთაძის კვალიფიკაციაზე შეკითხვები აქვთ ოპოზიციაშიც. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ის გენერალურ პროკურორად მეორედ მხოლოდ პოლიტიკური მორჩილების ნიშნით გამწესდება. 

პოლიტიკური ოპონენტებისა და არასამთავრობოების კრიტიკას უმრავლესობის დეპუტატები არ იზიარებენ. მმართველი გუნდში მხოლოდ ირაკლი შოთაძის პროფესიონალიზმზე საუბრობენ  და მას მხარდაჭერას ღიად უცხადებენ. 

ირაკლი შოთაძეს კენჭს დეპუტატები სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში უყრიან. მანამდე მის მეორედ მოსვლას მხარდაჭერა იურიდიულმა კომიტეტმა უნდა გამოუცხადოს. პროცესი საკანონმდებლო ორგანოსთან სავარაუდოდ არასამთავრობო სექტორის და სამოქალაქო აქტივისტების პროტესტის ფონზე წარიმართება. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი