
რუსი სამხედროების ოჯახის წევრები ვიდეომიმართვას ავრცელებენ. ისინი ყვებიან, რომ არ აქვთ ინფორმაცია სად იმყოფებიან ჯარისკაცები ან რატომ იცვლება კონტრაქტით გათვალისწინებული ლოკაციები. სამხედროების ოჯახის წევრები რუსეთის ხელისუფლებისადმი უკმაყოფილებასაც გამოთქვამენ.
"მე ვარ დედა. ჩემი შვილი 25 თებერვალს იძულებით გააგზავნეს ხარკოვში. მათი ნაწილი იქ არ უნდა ყოფილიყო, რადგან დოკუმენტების თანახმად, დონეცკში იმყოფებოდნენ. როგორ აღმოჩნდნენ ისინი ხარკოვში, გაუგებარია", - ამბობს რუსი ოკუპანტის დედა.
ერთ-ერთი სამხედროს ცოლი ამბობს, რომ მათ, ვისაც უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობა აღარ სურს, ბრძოლის ველის დატოვების საშუალებას არ აძლევენ.
"ჩვენს ქმრებს, რომლებიც 115-ე დანაყოფში არიან, არ უშვებენ. მათი ხელმძღვანელობა ჩვენთან კონტაქტზე არ გამოდის და არაფერს გვიხსნიან. ახლა ბიჭებს ეუბნებიან, რომ ახალი კოლონის ფორმირება ხდება და 2 კვირის შემდეგ საბრძოლველად გაუშვებენ", - ამბობს ოკუპანტის ცოლი.