მმართველი პარტიის წევრები ახალი შტურმისთვის ემზადებიან მედიის წინააღმდეგ - კახი კალაძემ დანონსებული ლაივ გადაცემისთვის დაამზადა საგანგებო პლაკატი, რომელიც გასულ არჩვენებში გამოყენებული შავი პაირის სისხლიან ელემენტებს მოიცავს, თუმცა ამჯერად საკაშვილი-ბოკერიას ნაცვლად, პლაკატები "მთავარი არხის", "ფორმულასა" და "ტვ პირველის" ლოგოების გამოყენებით დამზადდა. ახალი შტურმი ქვეყნის მთავარი უფლებადამცველის პარლამენტში მისვლას დაემთხვა.
ნინო ლომჯარიამ კახი კალაძის დაგეგმილ ლაივ გადაცემაზე კომენტირებისას განაცხადა, რომ ეს არის კონკრეტულ კრიტიკულ ტელევიზიებზე პირდაპირი შეტევა.
ცალსახად ვამბობ, რომ ყალბი ახალი ამბების წინააღმდეგ ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ. არ ვიცი, რა განცხადების გაკეთებას აპირებს მერი, მაგრამ ეს ბანერი მიჩენს შთაბეჭდილებას, რომ რეალური მიზანი არის კონკრეტული მედიასაშუალებების წინააღმდეგ განცხადებების გაკეთება, - ამბობს სახალხო დამცველი.
ოპოზიციის თქმით, კახი კალაძის ეს გადაცემა არის ფაშისტური, კომუნისტური გადმონაშთი, რის მსგავს მეთოდებსაც "ოცნება" ხშირად იყენებს.
ეს არის თავისუფალი სიტყვის ხელისუფლების ძალით, მუქარის, შეჩერებისა თუ ჩახშობის მცდელობა. სამარცხვინო ლოზუნგია საბჭოთა კომუნისტური პროპანდის და პლაკატების სტილში, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი რომან გოცირიძე.
მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ კახი კალაძეს, როგორც ფეიკ ნიუსების ერთ-ერთ გმირს, სრული უფლება აქვს გამოვიდეს და პასუხი გასცეს მათ. უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს ამ პლაკატზე სისხლს ვერ ხედავს.
სისხლები, ალბათ გარკვეული კომპლექსის ნაწილია, მე ვნახე ჩამოღვენთილი ლოგოები კონკრეტული ტელევიზიები, რომლებიც ფეიკ ნიუსებს ავრცელებენ, - ამბობს მდინარაძე.
შეგახსნებთ, რომ ეს ბანერი გამოქვეყნებულია კახი კალაძის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე და მის თანახმად, დღეს საღამოს 20:00 საათზე თბილისის მერი ლაივ რეჟიმში გააკეთებს განცხადებებს.