
ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსი ოკუპანტების მიერ დონბასის დაბომბვის შედეგად 5 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, სულ მცირე 12 კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ოკუპანტებმა გუშინ ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში 32 დასახლებულ პუნქტს გაუხსნეს ცეცხლი. შედეგად 26 საცხოვრებელი კორპუსი განადგურდა, 25-მდე სამოქალაქო ობიექტი კი დაზიანებულია.
"რუსი ოკუპანტების მიერ ქალაქ სვიატოგორსკის დაბომბვის შედეგად, დაზიანებული და განადგურებულია: ბავშვთა ბანაკი, ვეტერანთა საავადმყოფო, ღვთისმშობლის ტაძარი, პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტი, ფოსტა, მაღაზია, საცხოვრებელი კორპუსები", - აცხადებენ გენშტაბში.
ასევე, დაზიანდა პროფესიული ლიცეუმი სოლედარში, ქარხანა ავდიივკაში, ქვანახშირის ქარხანა ტორეცკში, მაღაროს შენობა ბილოზირსკში და ზაიცევის საგუშაგო.