
პრემიერი ღარიბაშვილი სპეკულაციებს უწოდებს მიხელ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნებს და ამბობს - "გადაყვანა- გადმოყვანა არ მაინტერესებს, პატიმარია, კეთილი ინებოს მოიხადოს სასჯელი" - ამბობს ღარიბაშვილი, რომელიც გურიაში იმყოფება და ამტკიცებს, რომ "საქმე აქვს საკეთებელი".
„ნამდვილად არ მაინტერესებს გაკოტრებული და ხელმოცარული პოლიტიკოსების საფუძველს მოკლებული განცხადებები. მე ერთი რამ ვიცი, რომ ამ ქვეყანაში ყველა უნდა დაემორჩილოს კანონს, ვინც გაბედა და კანონზე მაღლა დააყენა თავისი თავი, ნახეთ ყველამ როგორი ადგილი მივუჩინეთ, მათ შორის, მაგ ვაჟბატონ მელიას და პატიმარ სააკაშვილს. ყველა მოქალაქე, ვინც კანონს დაარღვევს, დაისჯება კანონის შესაბამისად, დანარჩენი სპეკულაციები, გადაყვანა-გადმოყვანა არ მაინტერესებს. პატიმარია და კეთილი ინებოს მოიხადოს ბოლომდე სასჯელი საქართველოში. ყოველგვარი საუბარი გადაყვანაზე და ა.შ. არის სრული სპეკულაციები და რა თქმა უნდა, ეს არაადეკვატურია და არავითარი საფუძველი არ არსებობს. ყველას მოგიწოდებთ, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს, რაც არის მშვიდობა, სტაბილურობა. ვიფიქროთ განვითარებაზე და შენებაზე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.