ევროკავშირის უმწვავესი ანგარიშის მთავარი ნაწილი ხელისუფლებამ დამალა. “საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ” მე-4ანგარიშში ძირითადი აქცენტი საარჩევნო რეფორმას და პოლარიზებული გარემოს განეიტრალების საჭიროებაზეა გაკეთებული.
მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერის წარმომადგენელმა, ირაკლი ჩიქოვანმა კი 29-გვერდიანი ანგარიშიდან მხოლოდ რამდენიმე აბზაცი წაიკითხა და ხელისუფლების მხარდამჭერებს ევროკავშირის დადებითი შეფასებები ახარა.
ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ მომზადებული დოკუმენტის უდიდესი ნაწილი კი რეალურად, ქვეყანაში არსებულ მძიმე პოლიტიკურ კრიზისს, პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლო პროცესებს, მედია მენეჯერების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებებს, 20 ივნისს მომიტინგეების დარბევას და სასამართლო რეფორმის ხარვეზებს ეხება.
დოკუმენტში რამდენჯერმეა აღნიშნული, რომ ქართული დემოკრატიისთვის 2020 წელი გადამწყვეტი იქნება. ევროკომისიის წევრები დასკვნით ნაწილში წერენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მზარდი პოლიტიკური პოლარიზაციის გასანეიტრალებლად ადეკვატური საარჩევნო სისტემა უნდა უზრუნველყოს.
ევროკომისიის დასკვნის გაცნობის შემდეგ ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მმართველმა პარტიამ საზოგადოების წინაშე დადებული პირობა უნდა შეასრულოს და ქვეყანა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უნდა გადავიდეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ რეკომენდაციის ნაწილში ევროკომისია მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ 2020 წლის არჩევნები სამართლიან გარემოში ჩატარდეს, თანაც ისეთი სისტემით, რომელიც ყველა მხარისთვის მისაღებია.
„ქართულ ოცნებას“ რომ დიპლომატიური ენა არ ესმის და დოკუმენტებს ბოლომდე არ ეცნობა, ამაზე ისაუბრა „რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტიკურმა მდივანმა, თამარ კორძაიამ.
„დიპლომატიური ენის ვერ გაგება გამოიხატება იმაში, რომ როდესაც დასაწყისშივე წერია, რომ საქართველო ერთგულია ასოცირების ხელშეკრულების წამოწყების, ეს სიტყვა „წამოწყება“ შემთხვევითი არ არის, იმიტომ, რომ ისინი აღიარებენ იმას, რომ რაღაცები კეთდება, მაგრამ ეს არ არის წინსვლა“, - განაცხადა კორძაიამ.
ქვეყანამ რომ დემოკრატიული კუთხით უკუსვლა განიცადა, ამაზე გაამახვილა ყურადღება პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა, ეკა ბესელიამ, რაც დასავლეთისთვის კრიტიკის საფუძველია. მისი შეფასებით, უკუსვლის მთავარი მიზეზი სწორედ მართლმსაჯულების რეფორმის ჩავარდნაა.
„ქართული ოცნება“ სტრატეგიული პარტნიორების კრიტიკის არაადეკვატურად აღქმის გამო გააკრიტიკა პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა, დავით ჭიჭინაძემ.
„ის, რომ ქვეყანაში უკვე ისეთი პროცესები მიმდინარეობს, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს 2012 წლის დაპირებებთან, ამას ყველა ხვდება და ყველა ხედავს“ - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
ევროკომისიის 2019 წლის ანგარიში 28 გვერდს მოიცავს, სადაც ყველა გახმაურებული საკითხი მოხვდა. კრიტიკული ანგარიშის შეფასებას კი მმართველი გუნდი, ჯერჯერობით, არ ჩქარობს და ირაკლი ჩიქოვანის გარდა, უკვე მეორე დღეა, ევროკომისიის დოკუმენტს „ოცნებიდან“ არავინ გამოხმაურებია.