
სიმბოლურია, რომ ჩვენი პარტიის - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქალთა ორგანიზაცია სწორედ ამ დღეს, თამარ მეფის ხსენების დღეს ფუძნდება - განაცხადა თავმჯდომარე კობახიძემ პარტიის ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალების როლი მნიშვნელოვანია და ის კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს:
"საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ქალები ყოველთვის განსაკუთრებულ როლს ასრულებდნენ. მხოლოდ იმის ხსენება რად ღირს, რომ საქართველო ქრისტიანობას სწორედ ქალმა, წმინდა ნინომ აზიარა. სამშობლოსა და სარწმუნოებისთვის თავდადების ყველაზე თავგანწირული მაგალითიც ქალის სახელს, წმინდა ქეთევან დედოფალს უკავშირდება. საუკუნეების მანძილზე, ქალებს საქართველოში შეჰქონდათ უდიდესი წვლილი ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და სარწმუნოების დაცვაში, ჩვენი ქვეყნისა და მისი კულტურის განვითარებაში. ამ თვალსაზრისით, ძალზე მდიდარია ჩვენი უახლესი ისტორიაც." თქვა კობახიძემ.
მან პოლიტიკაში ქალების აქტიური მონაწილეობისათვის გენდერული კვოტების შემოღებას მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა, თუმცა თქვა, რომ უფრო მეტია გასაკეთებელი და სწორედ ამ მიზანს ემსახურება "ოცნების" ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებაც - "გვაქვს ამბიციური გეგმები და ამ გეგმების განხორციელებაში ჩვენი პარტიის ქალთა ორგანიზაციას წარმატებები მინდა ვუსურვო" - განაცხადა "ოცნების" თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას.