
ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა.
როგორც ფინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში წერია, ნიინისტემ პუტინს უთხრა, რომ ფინეთი NATO-ში გაწევრიანებას მომდევნო დღეებში გადაწყვეტს.
"ფინეთის პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სატელეფონო საუბრისას, პრეზიდენტმა ნიინისტემ უთხრა პრეზიდენტ პუტინს, რომ რუსეთის მოთხოვნებმა 2021 წლის ბოლოს, რომელიც მიზნად ისახავდა NATO-ს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და ასევე რუსეთის მასიურმა შეჭრამ უკრაინაში, ფინეთის უსაფრთხოების გარემო ძირეულად შეცვალა... ყველა დამოუკიდებელი ქვეყანა მაქსიმალურად იცავს თავის უსაფრთხოებას და ახლა სწორედ ეს ხდება", - წერია განცხადებაში.
12 მაისს, ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერმა ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირეს. საკითხის განხილვა ფინეთსა და მის მეზობელ შვედეთში მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. მოსკოვი დაიმუქრა, რომ ზომებს მიიღებდა, თუ ჰელსინკისა და სტოკჰოლმის მთავრობები ნატო-ს შეუერთდებოდნენ.
დიდი ბრიტანეთის პრემიერმა, ბორის ჯონსონმა ფინეთსა და შვედეთს სამხედრო მხარდაჭერა აღუთქვა.