
უკრაინაში ომის დაწყების დღიდან უკვე 80 დღე გავიდა. სისხლის, ტკივილის, სამხედრო გმირობისა და მეორე მხრივ, არაადამიანური სისასტიკის 80 დღე, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ჩვენს თვალწინ, აი ასე - ხელის გულზე - წარმოუდგენელი ისტორია დაიწერა.
ისტორია აზოვის ბატალიონისა, იმ გმირებისა, რომელთა სიმამაცეზე ალბათ საუკუნეების შემდეგ ისეთივე აღტაცებითა და სიამაყით მოყვებიან, როგორც დღეს შეიძლება ყვებოდნენ 300 სპარტელის თუ 300 არაგველის სიმამაცეზე.
აზოვის გმირებს შორის არაერთი ქართველია, მეტიც ბატალიონის შექმნაში მთავარი სიტყვა სწორედ ქართველმა ინსტრუქტორებმა თქვეს. აზოვის რიგებში იბრძოდა 27 წლის ტატო ბიგვავაც, რომელიც რამდნიმე დღის წინ გმირულად დაიღუპა იმ მარიუპოლში, რომელიც თითქმის 80 დღეა წარმოუდგენელი სისასტიკის ურდოს იგერიებს. ის სოხუმიდან იყო, ქალაქიდან - საიდანაც რუსმა ოკუპანტებმა მისი ოჯახი ჯერ კიდევ ტატოს დაბადებამდე გამოაძევეს.