კალაძე დედაქალაქის ცენტრში ხეების წაქცევაში გიგი უგულავას ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

თამარაშვილის პირველ ნომერთან, სადაც 60-წლიანი ჭადრის წაქცევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა და ორი ავტომობილი დაზიანდა დილიდან ქალაქის მერის მოადგილე ექსპერტებთან ერთად მივიდა. მაია ბითაძემ ხის ფესვთა სისტემისა და მისი განლაგების შესახებ ჟურნალისტებს საფუძვლიანი ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა, როცა ჯერი მომხდარის მიზეზების განმარტებაზე მიდგა, სავალალო შედეგი  წინა ხელისუფლებას დააბრალა. ბითაძეს არც ქალაქის მერი ჩამორჩა, წინა ხელისუფლების ყოფილი მერი ხეების ფესვების დაბეტონებაში დაადანაშაულა, თუმცა საბოლოო პასუხის გაცემა მაინც გამოძიებას მიანდო.

რამ გამოაცალა ხეს მიწა - ახლა ქალაქის პირველი პირები არ ამბობენ, თუმცა გარემოსდამცველებმა ზუსტად იციან, რომ ჭადარი ვერც გასულ წლებში და ვერც ცხრა წლის წინ ვერ დაზიანდებოდა. მათივე თქმით,
ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სამუშაოები დაუსრულებელთან ერთად სახიფათოა, რადგან პროექტის მიმდინარეობისას ჭადრებს ფესვები პირდაპირი მნიშვნელობით დააჭრეს. 

ექსპერტები ამბობენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე დაირღვა ყველა წესი. წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალისტები მარტივად ამოიცნობდნენ ერთ ფესვზე დარჩენილ 60-წლოვან ჭადარს და მისგან მომდინარე საფრთხეებსაც განსაზღვრავდნენ.

დღეს ქალაქის მერსა და მის მოადგილეს ოპოზიციაშიც უპასუხეს. ხელისუფლებას ოპონენტები გულგრილობაში ადანაშაულებენ, მათ განცხადებებს კომიკურს უწოდებენ და მოუწოდებენ, მსგავსი პროექტების განხორციელებისას მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ცოტა მეტად იზრუნონ. 

დედაქალაქის პირველი პირები პირობას დებენ, რომ თუ კონტრაქტორი კომპანიის დანაშაული გამოიკვეთა პასუხისმგებლობასაც დააკისრებენ. არაფერს ამბობენ, უსაფრთხოების ზომების გამკაცრებაზე. უფრო მეტიც, მერის მოადგილე მოქალაქეებს მოუწოდებს აჟიოტაჟისგან თავი შეიკავონ, რადგან სარეაბილიტაციო სამუშაოებისას ხეების შესწავლა ცოცხალი პროცესია და ამაში საპანიკო და საგანგაშოც არაფერია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი