"ქართული ოცნება" ათასობით მოქალაქის მოტყუებას გეგმავს. მთავრობას აღარ სურს კომპენსაციის გადახდა ათობით ათასი ადამიანისთვის, ვინც კორონავირუსის ეპიდემიის გამო უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ბოლო დღეების განმავლობაში თითქმის ხუთიათასმა ადამიანმა მიიღო sms შეტყობინება, რომ დოკუმენტაცია წესრიგში არ აქვს - რაც დახმარებაზე უარის ტოლფასია. ეს მოქალაქეები დღეს სოციალური მომსახურების სააგენტოებთან შეიკრიბნენ - ჯანდაცვის უწყებას მათ პრეტენზიებზე პასუხი არ აქვს. ოპოზიცია კი დარწმუნებულია, რომ ქართული ოცნება მორიგი მასშტაბური თღლითობისთვის ემზადება.
ათასობით თვითდასაქმებული 300-ლარიან დახმარებას ვერ მიიღებს. ტაქსის მძღოლებმა, ბაზრის მოვაჭრეებმა, ძიძებმა და კერძო მასწავლებლებმა - ერთნაირი შეტყობინება მიიღეს, სადაც წერია, რომ მათი დოკუმენტები ან არასწორადაა ატვირთული, ან აკლია საჭირო დოკუმენტი. დილიდან მოქალაქეები სოციალური მომსახურების სააგენტოებთან მივიდნენ, რომ გაერკვიათ, რატომ დახარვეზდა მათ მიერ გაგზავნილი დოკუმენტები.
შემოსავლის გარეშე დარჩენილმა მოქალაქეებმა თითქმის ერთი თვის წინ შეავსეს განაცხადი. მათმა ნაწილმა ონლაინრეგისტრაცია გაიარა, ნაწილმა კი სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართა. თავიდან უთხრეს, რომ მათი დოკუმენტები წესრიგში იყო, ახლა კი ჯანდაცვის სამინისტროსთან ამისამართებენ.
ისანი-სამგორის მომსახურების სააგენტოს მსგავასად, დახმარების გარეშე დარჩენილი მოაქალაქეების რიგი იდგა. სახელმწიფო უწყების შენობასთან ასობით მოქალაქე ერთი მოთხოვნით მივიდა, მიეღოთ მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი 300-ლარიანი დახმარება. მათ შორის არის გერმანულის 68 წლის მასწავლებელი, რომელსაც ორი მოსწავლე ჰყავდა, პანდემიის დროს კი შემოსავალი დაკარგა. მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეების მშობლებმა დაუდასტურეს მისი საქმიანობა, სამინისტრო მის დახმარებაზე უარს ამბობს.
მინისტრი ამტკიცებს, რომ დახმარების სისტემა იმდენად წარმატებულია, რომ მათაც კი ეხმარებიან, ვისაც 300-ლარიანი დახმარება არ ეკუთვნოდა, მათ შორის არიან სხვადასხვა ქვეყანაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულები.
უახლესი მონაცემებით, ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე კომპენსაციის მისაღებად 150 000-მდე თვითდასაქმებული დარეგისტრიდა. მათგან 95-მდე პირმა 300-ლარიანი კომპენსაცია უკვე მიიღო. არადა სახელმწიფოს ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში 800 ათასზე მეტი თვიდასაქმებული გვყავს. სწორედ ამიტომ, ექსპერტები ანტიკრიზისული გეგმის არასწორ პოლიტიკაზე საუბრობენ.
თვითდასაქმებულებს დოკუმენტების წარსადგენად ახლა ხუთი დღე დარჩათ. იმ შემთხვევაში თუ მათი დოკუმეტებიც დახარვეზდება და პირველ ივლისამდე ვერ გამოასწორებენ შეცდომას, სავარაუდოდ ისინი დახმარებას ვერ მიიღებენ.