ტროლების ქარხნების სულისჩამდგმელები, კორუფციასა და ნეპოტიზმში მხილებული პოლიტიკოსები და მთლიანად ოლიგარქის კლანური პოლიტიკური გუნდი დამოუკიდებელ მედიას უტევს. 20 ივნისის სისხლიანი ღამის ორგანიზატორები დღეს ცდილობდნენ დაერწმუნებინათ სახალხო დამცველი, რომ ქვეყანაში მთავარი პრობლემა თავისუფალი მედიაა, რომელსაც ისინი ყალბი ახალი ამბების გავრცელებაში ადანაშაულებენ. ხმაურიანი შეკრება პარლამენტში და ომბუდსმენის ანგარიშის განხილვა საბოლოოდ იმით დასრულდა, რომ მმართველი პარტია იძლებული გახდა, კიდევ ერთხელ და ახლა უკვე ადამიანის უფლებების დამცველი მთავარი ფიგურისგან მოესმინა მხილება ქვეყანაში ადამიანის სიცოცხლის უფლების და გამოხატვის თავისუფლების დარღვევის, კლანური და არაფორმალურ მმართველობისა და პოლიტიკური დევნის შესახებ.
მსხვერპლის როლში საკუთარი თავის წარმოჩენის მცდელობა დღეს მმართველ პარტიას სახალხო დამცველთან ჰქონდა. ომბუდსმენის უმწვავესი ანგარიში 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და ადამიანის უფლებების მძიმე მდგომარეობაზე ქვეყანაში - უმრავლესობა შეეცადა სხვა თემებით გადაეფარა. ნინო ლომჯარიასთან ჩიოდნენ, როგორ ხდებიან "ოცნების" წევრები ე.წ. ფეიკ ნიუსებისგან შეტევის ობიექტები. ოცნების ლიდერები საპარლამენტო ტრიბუნიდან დღეს "მთავარი არხის" ეთერში გასულ სიუჟეტებს განიხილავდნენ. დავით მათიკაშვილს კოვიდ 19-ის სიუჟეტის წარდგენა ერგო, ლადო კახაძის კი ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე კომენტარის გაკეთება მოუწია.
კრიტიკულ მედიაზე ორკესტრირებული შეტევის ამბავი, სხდომათა დარბაზში ადვილი გამოსაცნობი იყო. ამიტომ "ქართულ ოცნებას" მდგომარეობიდან გამოყვანაში ისევ ოპოზიცია დაეხმარა და ივანიშვილის გუნდის შელამაზებულად ნათქვამი სახალხო დამცველს პირდაპირ ჰკითხა. "ოცნებას" ფეიკ ნიუსის მცნებაც განუმარტეს, ორჯერ დახურული ტროლების ქარხანისა და ახლა სამთავრობო მედიის მუშაობის ამბებიც გაუხსენეს
როგორ დასრულდეს ყალბი ამბების გავრცელების პოლიტიკა ქვეყანაში, ამაზე "ოცნებამ" რამდენიმე რჩევა ყოფილი თანაგუნდელებისგან მიიღო. ე.წ. ფეიკ ნიუსებით მანიპულირება მათი თქმით, ქვეყანაში უმრავლესობის დამკვიდრებული პრაქტიკაა, სწორედ რომ "ქართულმა ოცნებამ" უნდა თქვას ამ თემაზე უარი.
"ოცნებამ" პასუხი სახალხო დამცველისგანაც მიიღო. ნინო ლომჯარიამ დეზინფორმაციის კონტექსტში გაიხსენა, "ოცნების" ორკესტრირებული შეტევა სახალხო დამცველის ინსტიტუტზე მას შემდეგ, რაც მან ციხეებში არსებულ პრობლემებზე ხელისუფლება ამხილა.
ომბუდსმენის ანგარიშის ძირითადი ნაწილი კი 20 ივნისის სისხლიან ღამეს და იმ დროს გამოვლენილ სისტემურ დარღვევებს ეთმობა. "ოცნების" ხელისუფლებას პასუხები აქვს გასაცემი, ვინ გასცა რეზინის ტყვიების სროლის ბრძანება, რატომ არის რაციების ჩანაწერები არასრული და რატომ არ აქვს აქამდე ბრალი წარდგენილი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს.
20 ივნისის სისხლიან ღამეზე ოპოზიციის დასმულმა კითხვებმა დღეს წყობიდან თანაბრად გამოიყვანა "ქართული ოცნებისა" და "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლები.
უფრო მეტად კომიტეტის სხდომაზე "ოცნება" მაშინ გაბრაზდა, როდესაც კითხვები პოლიტპატიმარ გიორგი რურუას საქმეზე და არაფორმალურ მმართველობაზე დაისვა.
სახალხო დამცველი საკუთარ ანგარიშში სიცოცხლის უფლების დარღვევის კონტექსტში განიხლავს პრეზიდენტის არაერთ სკანდალურ შეწყალებას, ასევე თემირლან მაჩალიკაშვილისა და ია კერზაიასა საქმეებს. სახალხო დამცველი ვრცლად საუბრობს ანგარიშში იმ პრობლემებზე და კლანურ მმართველობაზეც, რომელიც სასამართლო სისტემაშია.