
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, რომან გოცირიძე ყველას მოუწოდებს, რომ მიიტანონ "მთავარ არხზე" რეკლამა, რათა ტელევიზიას ფინანსური პრობლემები არ შეექმნას. მისი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის არავის უნდა შეეშინდეს, რადგან ყველაფერი დროებითია.
"ამ გადაწყვეტილებას ექნება უზარმაზარი რეპუტაციული დამაზიანებელი ეფექტი ქვეყნისათვის, რაც ივანიშვილმა ჩაიდინა. დღეს უნდა გადარჩეს ტელეკომპანია "მთავარი", არ უნდა გაუჭირდეს ფინანსურად, მოიტანეთ რეკლამა, ნუ შეგეშინდებათ ივანიშვილის, ყველაფერი არის დროებითი, მით უმეტეს ივანიშვილის თავზე არის დამოკლეს მახვილივით სანქციების შიში და ჩვენ ვნახავთ მას დასჯილს, ამიტომ დღეს, ტელეკომპანია მთავარს სჭირდება მორალური, ასევე ფინანსური მხარდაჭერა", - თქვა რომან გოცირიძემ.
ცნობისთვის, 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. საქმეზე ბრალდებული ზურაბ იაშვილი მოსამართლემ გაამართლა, კახა დამენიას 50 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის.