დღევანდელი დღე კიდევ ერთი ნათელი მაგალითია, რომ საქართველოში დემოკრატია არ არსებობს, საქართველოში არის ფეიკ დემოკრატია - ასე ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ნიკა გვარამიას დაკავებას და სასამართლოს განაჩენს.
გიორგი ვაშაძის თქმით, სასამართლომ დღეს მორიგი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და ქვეყანას კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს. ვაშაძის თქმით, ბრალდების აბსურდულობის გარდა, ეს პროცესი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ახლა, არსებულ ვითარებაში, "ქართული ოცნება" სავაჭრო თემებს იგროვებს.
ვაშაძის თქმით, "ქართულ ოცნებას" მოუწევს პასუხი გასცეს ევროპას, აშშ-ს, სტრატეგიულ პარტნიორებს, მაგრამ პირველ რიგში მას პასუხის გაცემა მოუწევს ქართველი ხალხისთვის
"ამ პასუხისმგებლობისთვის ისინი იგროვებენ სავაჭრო საკითხებს, რომელიც როგორც წესი უნდათ ხოლმე რომ რაღაცა დათმონ, მერე ამ დათმობის ხარჯზე ფონს გავიდნენ და ა.შ. დღევანდელ დღე მიუთითებს, რომ ყველა ერთად უნდა დავდგეთ, გავერთიანდეთ და ამ გზააცდენილი პროცესიდან საქართველო დავაბრუნოთ დასავლური განვითარების გზაზე. უნდა ვიყოთ ერთიანები, პრინციპულები და გამარჯვება მოვიპოვოთ. უახლოეს 2-3 თვეში ველოდებით ბევრ საკითხს, რომელიც დაჩქარდება საქართველოს შიგნითაც და ფარგლებს გარეთაც და დარწმუნებული ვარ, მალე ყველა პოლიტპატიმარი იქნება თავისუფალი". ამბობს გიორგი ვაშაძე.