
თქვენ რომ გგონიათ, თქვენი ინტერესების დასაცავად მიღებული გადაწყვეტილებაა, ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან ცდებით - ამ სიტყვებით მიმართა თამარ კორძაიამ სიმბოლურად, რუსთავი 2-ის თანამშრომლებს ნიკა გვარამიას განაჩენზე საუბრისას.
"მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში" კორძაიამ აღნიშნა, რომ ნიკა გვარამიას სახით, ივანიშვილი დღეს ებრძვის ყველას, ქვეყნის ევროპულ კურსს, თავისუფალ სიტყვას და მზადაა ხელისუფლების შენარჩუნებისთვის ქვეყანა უფსკრულშიც გადაჩეხოს:
"თქვენ რომ გგონიათ, თქვენი ინტერესების დასაცავად მიღებული გადაწყვეტილებაა, ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან ცდებით. რატომ? იმიტომ, რომ თქვენ არ აკრიტიკებთ ხელისუფლებას, თქვენ ხართ ბიძინა ივანიშვილის მხარეს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ იყოთ დაცული. საკმარისია ბიძინა ივანიშვილს არ მოეწონოს სიტყვა თქვენს საქებარ ტექსტში და თქვენც დაგიჭერენ. ეს არის ის გზა, სადაც ახლა ვდგავართ. ეს აუცილებლად მივა იქამდე, რომ ბიძინა ივანიშვილს არ მოეწონება, რომ ის არის უბრალოდ კარგი ადამიანი, მერე არ მოეწონება, რომ ის არის ამ ქვეყნის გადამრჩენელი და მერე შეიძლება ისიც არ მოეწონოს თქვენგან, რომ ის არის ღმერთი. და მაინც არ აგცდებათ სასჯელი" თქვა თამარ კორძაიამ.
ცნობისთვის, 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. საქმეზე ბრალდებული ზურაბ იაშვილი მოსამართლემ გაამართლა, კახა დამენიას 50 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის.