ვის ეკუთვნის "პირიმზე" - კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილს "ემუქრება"

გამოქვეყნდა:

კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილს უხერხულ მდგომარეობაში აყენებს. "მთავარი არხის" სიუჟეტის შემდეგ, რომელიც თბილისის ცენტრში, ორბელიანის მოედნის ქვეშ უპატრონოდ მიტოვებულ პარკინგს ეხებოდა, დედაქალაქის მერი ადგილზე მივიდა და თავის მართლება სცადა. კალაძე ამტკიცებდა, რომ ავტოსადგომის დანაგვიანებული მეორე დონე კერძო საკუთრება იყო და მუნიციპალიტეტი მასზე პასუხს არ აგებდა. მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა ამ დროს ან არ იცოდა, ან მიზანმიმართულად დამალა, რომ მიტოვებული ობიექტი მის პატრონს და ქვეყნის არაფორმალურ მმართველს ეკუთვნის. 

ვეკუას ქუჩის სამში არსებულ "პირიმზის" შენობასა და მიწისქვეშა ფართს, უკვე სამი წელია ბიძინა ივანიშვილი და მისი ბანკი ფლობს. ეს დოკუმენტი ადასტურებს, რომ ნაგვის ბუნკერად ქცეულ "პირიმზის" პარკინგს თავად ოლიგარქი ფლობს. 

პირიმზე ლაურა ღაჭავას "ქართუ" ბანკში წლების წინ აღებული სესხის გამო ჩამოერთვა, რომლის დაფარვაც შექმნილი პირობების გამო ვერ შეძლო. ხუთი მილიონი ლარი ბანკიდან პირიმზის ყოფილმა მფლობელმა 2005 წელს გამოიტანა, მრავალი წლის განმავლობაში საფინანსო ორგანიზაციის მიერ დაწესებული საურავი და ჯარიმა კი ელვის სისწრაფით იზრდებოდა. სასამართლოში სხვადასხვა დავა ამ დრომდე მიმდინარეობს. პირიმზის ყოფილი მფლობელი ამბობს, რომ სახელმწიფო ზეწოლას ახორციელებს. გიორგი გახარიას კი განმარტებებს სთხოვს.

პირიმზის ყოფილმა მფლობელმა უძრავი ქონება "ქართუ" ბანკში ვალის უზრუნველყოფის მიზნით ჩადო. თუმცა, ყველაზე საინტერესო ის არის, რა პრაქტიკით იხელმძღვანელა "ქართუ" ბანკმა ქონების დასაკუთრების დროს. როგორც აღმოჩნდა "პირიმზე" ოლიგარქმა აუქციონის გარეშე, აღმასრულებლის მეშვეობით გადაიფორმა. 

ახლა ოპოზიცია კალაძისგან ელოდება პასუხს - რაში დაიხარჯა და სად წავიდა მოსახლეობის 9 მილიონი, რომელიც სწორედ ამ ავტოსადგომის რეაბილიტაციისთვის გამოიყო. და რატომ გამიჯნა თბილისის მერმა ივანიშვილის კუთვნილი ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებისგან.

მედიასთან ღია ომის გაჩაღება კახა კალაძემ გუშინ "მთავარი არხის" ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ გადაწყვიტა. თუმცა საინტერესოა ფაქტებით საუბრის შემდეგ უსაყვედურებს თუ არა ოლიგარქ ივანიშვილს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი