ქვეყანა მიდის ევროპისკენ, ჩვენ ვაშენებთ სამართლებრივ ქვეყანას - დავითაშვილი ნიკა გვარამიას განაჩენზე

გამოქვეყნდა:

ეკონომიკის მინისტრი და ვიცეპრემიერი ლევან დავითაშვილი ამტკიცებს, რომ სასამართლო ხელისუფლება პოლიტიკური პროცესებისგან დამოუკიდებელია. კითხვაზე, რა გავლენას იქონიებს საქართველოს იმიჯზე კრიტიკული მედიის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავება, მინისტრი პასუხობს, რომ ხელისუფლება სამართლებრივ ქვეყანას აშენებს.

"ცალსახად, საქართველოში სასამართლო ხელისუფლება არის დამოუკიდებელი პოლიტიკური პროცესებისგან, შესაბამისად, ნებისმიერი გადაწყვეტილება სასამართლოში არის მხოლოდ სამართლებრივი და რა თქმა უნდა, პოლიტიკური გავლენა მას ვერ ექნება. რაც შეეხება საქართველოს რეპუტაციასა და იმიჯს, საქართველოს რეპუტაცია და იმიჯი უნდა იყოს იმგვარი, როგორიც არის ევროპული ღირებულებებით განსაზღვრული, ქვეყანა მიდის ევროპისკენ, ევროპული ინტეგრაციისკენ, რაც გულისხმობს, რომ კანონის უზენაესობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ ვაშენებთ სამართლებრივ ქვეყანას", - თქვა ლევან დავითაშვილმა. 

მისი განცხადებით, "კანონის წინაშე ყველა მოქალაქე თანაბარია". 

ცნობისთვის, 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. საქმეზე ბრალდებული ზურაბ იაშვილი მოსამართლემ გაამართლა, კახა დამენიას 50 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი