
"თქვენს ქვეყანაში ანალოგიური დანაშაული რომ ჩაიდინოს, ნებისმიერმა ადამიანმა, ექნებოდა თუ არა ინდულგენცია რომ ის არის ჟურნალისტი ან მედიის ხელმძღვანელი" - დეპუტატი ზარქუას დასავლელ პარტნიორებს კითხვას უსვამს და ნიკა გვარამიას დაპატიმრების შემდეგ, პარტნიორების კრიტიკულ განცხადებებს ამ ფორმით ეხმაურება.
ზარქუამ მთავარი არხის გენერალურ დირექტორს "კრიმინალი" უწოდა და თქვა, რომ ნიკა გვარამია, მიხეილ სააკაშვილისა და "მისი პარტიის პარტნიორია".
"მე მივმართავ ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყნის გულშემატკივარს, მათ შორის ევროპარლამენტარებს, სენატის წარმომადგენლებს, ყველას. თქვენს ქვეყანაში ანალოგიური დანაშაული რომ ჩაიდინოს, ნებისმიერმა ადამიანმა, ექნებოდა თუ არა ინდულგენცია რომ ის არის ჟურნალისტი ან მედიის ხელმძღვანელია.
7 მილიონს რომ გაფლანგავდა რომელიმე კერძო კომპანიის თქვენ მერე გამოხვიდოდით და იტყოდით, რომ ეს არის პოლიტიკური ზეწოლა. არაერთი მაგალითია, ევროპასა და ამერიკაში, გამოვიდეთ და ვთქვათ, რომ ეს მედიაზე პოლიტიკური ზეწოლაა?!",- ამბობს ზარქუა.
ცნობისთვის, 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. "რუსთავი 2-ის" საქმეზე ბრალდებული ზურაბ იაშვილი მოსამართლემ გაამართლა, კახა დამენიას კი 50 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის.