
ვარკეთილში სპეცოპერაციისას დაკავებულის მხრიდან, სასამართლოზე პროკურორისთვის ბოტასის სროლის ფაქტზე პროკურატურამ ორ პირს, ბექა და გიორგი შენგელიებს ბრალი წაუყენა. გამოძიება შენგელიებს სასამართლოს უპატივცემულობას ედავება.
"საქართველოს პროკურატურამ, სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
9 მაისს, მცხეთის რაიონულ სასამართლოში, პოლიციელზე თავდასხმისათვის ბრალდებულების - ბ.შ.-ს და გ.შ.-ს აღკვეთის ღონისძიების შერჩევის პროცესზე, სხდომის დარბაზში, მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებისა და ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შემდეგ, ბრალდებულმა ბ.შ.-მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პროკურორებს და ფეხსაცმელი ისროლა.
ბ.შ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფით) წარედგინა.
საქმეზე გრძელდება გამოძიება",-წერია განცხდებაში.
შეგახსენებთ შენგელიები ვარკეთილში, სპეცოპერაციის შედეგად 7 მაისს დააკავეს. საქართველოს პროკურატურამ მათ პოლიციელზე და მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის, პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე წარუდგინა ბრალდება.