
ამ წუთებში მთავარი არხის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას საპატიმროში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ეკა ხერხეულიძე ხვდება.
მანამდე ნიკა გვარამიასთან ლელოს წევრი, ლევან სამუშია იმყოფებოდა. მისი თქმით, ნიკა გვარამიას საზოგადოების განწყობა, ასევე, მის დაკავებაზე დასავლელი პარტნიორების შეფასებები გააცნო.
როგორც სამუშიამ აღნიშნა, ნიკა გვარამიასთვის ჯერჯერობით ტელევიზორი არ შეუტანიათ.
"ძალიან მხნედ გრძნობს თავს, ვისაუბრეთ მიმდინარე საკითხებზე და ვუთხარით, თუ რა დადებითი განწყობაა მის მიმართ, ასევე საერთაშორისო საზოგადოების განცხადებებისა და განწყობების შესახებ. ერთადერთი რაზეც წუხს, არის ბავშვები მისი შვილები. ტელევიზორი არ აქვს საკანში შეტანილი, მაგრამ ელოდება, რომ შეიტანენ",- თქვა ლევან სამუშიამ.
ცნობისთვის, 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. "რუსთავი 2-ის" საქმეზე ბრალდებული ზურაბ იაშვილი მოსამართლემ გაამართლა, კახა დამენიას კი 50 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის.