
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, NATO წლების განმავლობაში ითვალისწინებდა ფინეთისა და შვედეთის ტერიტორიებს აღმოსავლეთის მიმართულებით გაფართოებას, შესაბამისად ორი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებას არაფერს ცვლის.
"ფინეთიც, შვედეთიც და სხვა ნეიტრალური ქვეყნები უკვე მრავალი წელია NATO-ს სამხედრო წვრთნებში მონაწილეობენ, მათ ტერიტორიას NATO აღმოსავლეთი დაწინაურების სამხედრო დაგეგმვაში ითვალისწინებს. ამიტომ, ამ თვალსაზრისით, არაფერი იცვლება", - თქვა ლავროვმა.
ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ფინეთისა და შვედეთის მხრიდან უსაფრთხოებაზე ზრუნვის აუცილებლობას ვერ ხედავს და მისი აზრით, მათი NATO-ში შესვლა აშშ-ის ლობირებით ხდება და არის გეოპოლიტიკური სვლა, რომელიც რუსეთის შესაკავებლად სჭირდებათ.
"სხვათა შორის, ფინეთის პრეზიდენტი და ფინეთის ელჩები ყველგან ამბობდნენ, რომ რუსეთისგან საფრთხეს ვერ ხედავენ. NATO-ში გაწევრიანება გამოწვეულია ევროპაში უსაფრთხოების ვითარების ცვლილებით. მაგრამ აქ ლოგიკა არ არის",-ამბობს ლავროვი.
ცნობისთვის, NATO-ში გაწევრიანებას მხარი ოფიციალურად ფინეთმაც დაუჭირა. საკითხის განხილვა ფინეთსა და მის მეზობელ შვედეთში მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. თურქეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ შესაძლოა, თურქეთმა მხარი არ დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას.