
კახა ოქრიაშვილი "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პოლიტიკურ დაპატიმრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მიიჩნევს, რომ ამ ქმედებით, იკვეთება ხელისუფლების სურვილი, საქართველოში პოლარიზაცია აიყვანოს იმ ხარისხზე, რომლის მერეც იწყება ომი.
ოქრიაშვილი არსებული მდგომარეობიდან გამოსავალ პრეზიდენტის მიერ, პოლიტიკური პატიმრების შეწყალებაში ხედავს და ამ მოთხოვნით სალომე ზურაბიშვილს მიმართავს.
გთავაზობთ განცხადებას უცვლელი ფორმით:
"გავყვეთ ლოგიკას - რა მიზანს ემსახურება ნიკა გვარამიას დაჭერა ამ კონკრეტულ მოცემულობაში?! გვარამიას უდანაშაულობაზე საუბრობენ ქართველი და უცხოელი ექსპერტები, საელჩოები.
როდესაც ქვეყანაში ასეთი მაღალი ხარისხის პოლარიზაციაა, რომლის მწვერვალი, მოგეხსენებათ, არის ომი, „ქართული ოცნება“ იჭერს მთავარი ოპოზიციური არხის დირექტორს, მთავარ ოპოზიციონერ ჟურნალისტს და პრეზიდენტის ადვოკატს. იკვეთება ხელისუფლების სურვილი, პოლარიზაცია აიყვანოს იმ ხარისხზე, რომლის მერეც იწყება ომი. დიახ, „ღალატის პარტიას“ სურს ომი და რაც თავად სურს, იმას ოპოზიციას აბრალებს. ეს ხომ მათი სტილია.
შეგახსენებთ:
მათ ჩამოიყვანეს გავრილოვი - დააბრალეს ოპონენტებს და არაადამიანურად დაარბიეს სამართლიანი, მშვიდობიანი მიტინგი.
5 ივლისის მოვლენები - თავად დააორგანიზეს და მოაგვარეს პრობლემა.
თავად შექმნეს ნამახვან-ჰესის პრობლემა, რომელიც ვითომდა თავად მოაგვარეს და ა.შ. ასეთი მეთოდებით ახერხებენ ოპოზიციის დისკრედიტაციას და ხელისუფლების გახანგრძლივებას.ამ შემთხვევაშიც, სტილი დაცულია - მათ ჰგონიათ, რომ მათ მიერვე ინსპირირებულ სისხლისმღვრელ ომს მოიგებენ და ომის დაწყებას დააბრალებენ ოპოზიციას, რაზეც უკვე დიდი ხანია აყალიბებენ საზოგადოებრივ აზრს, რომ ოპოზიცია არის ომის პარტია. საკუთარ „ოცნებებში“ ისინი იმარჯვებენ და სრულად ანადგურებენ როგორც ოპონენტებს, ისე ოპოზიციურ მედიას და საბოლოოდ, აყალიბებენ საქართველოში ერთი პიროვნების არაფორმალურ მმართველობით დიქტატურას.
მინდა, ყველა დავამშვიდო - საქართველოში ომი არ იქნება. რატომ ?! მეთოდები მოუძველდათ. აღარ მოტყუვდება არც საზოგადოება, არც ოპოზიცია და არც „ოცნების“ ძირითადი ჯანსაღი ნაწილი, როგორც მოვტყუვდით, ჩვენ ყველა, 2012 წელს. საქართველოში „ღალატის პარტიას“ ომს არ გავაჩაღებინებთ!
უნდა მოხერხდეს პოლარიზაციის ხარისხის შემცირება - დღეს, ბატონო პრეზიდენტო, მთავარი ბერკეტი თქვენს ხელშია, შეიწყალეთ პოლიტიკური პატიმრები! შეწყალება აღადგენს კონკურენტულ გარემოს პოლიტიკურ ველზე, რაც დღეს სრულად შეზღუდულია სხვადასხვა ტიპის რეპრესიების, დაჭერების, შიშის ატმოსფეროს შექმნის და ამომრჩეველზე არაკეთილსინდისიერი ფინანსური ზეგავლენის მეშვეობით.
ეს არის კარგი გზა, პოლარიზაცია მნიშვნელოვნად შემცირდეს შეწყალებით და საბოლოდ დამარცხდეს მომავალი სამართლიანი არჩევნების შედეგების აღიარებით" ნათქვამია ოქრიაშვილის განცხადებაში.