ამ წუთებში მედია მენეჯერები ამერიკის საელჩოში იკრიბებიან - "მთავარი არხის", "TV პირველისა" და "ფორმულას" წარმომადგენლები ელჩ კელი დეგნანს ხვდებიან.
შეხვედრის დაწყებამდე "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი გაბუნიამ თქვა, რომ რამდენიმე შეთავაზება ექნებათ, მიღებულ პასუხებს კი მედიასთან მოგვიანებით გააჟღერებენ.
"პირველ რიგში, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ახლა ამ ეტაპზე ნიკას თავისუფლება. ნიკა ჩვენი გენერალური დირექტორია, ჩვენი მეგობარია, მაგრამ ეს არ არის მთავარი მიზეზი სინამდვილეში, მთავარი მიზეზი არის ის, რომ ნიკა ერთ-ერთი მაგალითია ამ უსამართლობის, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდება, ჩვენ გვიწევს მუდმივად ამ რეჟიმში ცხოვრება, ეტაპობრივად ვიღაცას იჭერენ - უშვებენ, იჭერენ - უშვებენ, როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ჯაჭვი, თითქოს, ჩვეულებრივ ამბად რომ იქცა?! ჩვენ გვინდა ამერიკის ელჩს ვთხოვოთ, ვიტყვი, მოვთხოვოთ კიდევაც, რომ ბევრად უფრო ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას იმისთვის, რომ ეს უსამართლობის ჯაჭვი შეწყდეს, ნიკა გვარამია იყოს ბოლო რგოლი ამ ჯაჭვში, ის გათავისუფლდეს აუცილებლად", - თქვა გიორგი გაბუნიამ.
მისივე განცხადებით, ამერიკა ამ რეგიონში რუსეთთან ომს აგებს და თუ მათ უნდათ, რომ საქართველო და ეს რეგიონი ამერიკის პარტნიორი იყოს, უნდა იმოქმედონ.