
იქ ადგილზე გახდა ცუდად, თუ დილით ყავის სმის დროს, არასერიოზულია ასეთი შეკითხვების დასმა- ასე პასუხობს "ქართული ოცნების" დეპუტატი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ჟურნალისტებს იენს სტოლტენბერგისა და ღარიბაშვილის ჩაშლილ შეხვედრაზე.
მისი თქმით, ფინეთისა და შვედეთის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, ნატოს გენმდივანმა ყველა შეხვედრა გააუქმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. მედიის წარმომადგენლების შეკითხვას, როდის გაუარესდა სტოლტენბერგის მდგომარეობა, სამხარაძე "სულელურს" უწოდებს - რა სისულელეს მეკითხებით, მე იქ ვიყავი?! - ამბობს ის
შეგახსენებთ, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ოფიციალური პრესრელიზი გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ ღარიბაშვილთან შეხვედრა გაუქმდა, ოფიციალური მიზეზი უცნობია. "ქართულ ოცნებაში" მიზეზად სტოლტენბერგის ჯანმრთელობას ასახელებენ.